რუსები „სამხრეთ ოსეთთან” დამაკავშირებელ გზაზე 270 მეტრ სიგრძის გვირაბს კაპიტალურად გაარემონტებენ - TASS
რუსები „სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან დამაკავშირებელ ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალზე არსებულ, თითქმის, 270 მეტრ სიგრძის გვირაბის შეკეთებას გეგმავენ. ამის შესახებ TASS-ს ფედერალური საგზაო სააგენტოს („როსავტოდორის“) ქვესაუწყებო სახელმწიფო ინსტიტუტ „კავკაზის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
კერძოდ, „კავკაზის“ მოთხოვნით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიის ალაგირის რაიონში ტრანსკავკასიური მაგისტრალის ავტომაგისტრალ A-164-ის 69-ე კმ-ზე მდებარე ბურონის გვირაბი კაპიტალურად 2027 წლისთვის გარემონტდება.
გვირაბში გზის საფარი განახლდება და ტროტუარები მოეწყობა, ასევე, დაგეგმილია საინჟინრო სისტემების კომპლექსური განახლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონსტრუქციების გაძლიერებასა და საიმედო ჰიდროიზოლაციის უზრუნველყოფას, რაც მაღალმთიანეთის რთულ კლიმატურ პირობებში ნგრევის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.
ასევე, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ახალი სისტემები, რაც ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში სწრაფ რეაგირებასა და მოძრაობის ყველა მონაწილის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში იღებს სათავეს და მთის სერპანტინით ათეულობით დასახლებულ პუნქტზე გადის, შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარს სოფელ ნიჟნი-ზარამაგის რაიონში, დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთთან”კვეთს, როკის გვირაბზე გადის და ქალაქ ცხინვალში შედის.