რუსთავში მხოლოდ ერთ წელში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვები 58%-ით გაიზარდა
2025 წლის იანვარ-აპრილში რუსთავში 81 სამშენებლო ნებართვა გაიცა, აქედან 64 საცხოვრებელ ფართზე იყო - ამის შესახებ ირკვევა „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ რუსთავის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან.
ამავე მონაცემების მიხედვით, 64 საცხოვრებელი ფართის სამშენებლო ნებართვიდან 28 არსებული შენობის რეკონსტრუქციაზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ოთხ თვეში ახალი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობაზე 36 ნებართვაა გაცემული.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსთავში საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე გაცემული ახალი ნებართვების წილი მზარდია. მაგალითად, მხოლოდ ერთი წლის ჭრილში ნებართვები 58%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ახალი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობაზე 136 ნებართვა გაიცა, ხოლო 2023 წელს - 86.
ამასთანავე, პანდემიის შემდეგ 134%-ით გაიზარდა ახალი საცხოვრისების მშენებლობის ნებართვები. მაგალითად, 2021 წელს გაიცა 58 ნებართვა, 2024 წელს კი როგორც აღვნიშნეთ -136. 2022 წელს კი ჯამში 86 ნებართვაა გაცემული.
რაც შეეხება მთლიან სამშენებლო ნებართვებს, როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ტიპის ბინებისა და სხვა ობიექტების ჩათვლით 2021-2024 წლებში ასე გამოიყურებოდა:
- 2021 წელი - 193 სამშენებლო ნებართვა;
- 2022 წელი - 223 სამშენებლო ნებართვა;
- 2023 წელი - 231 სამშენებლო ნებართვა;
- 2024 წელი - 302 სამშენებლო ნებართვა;
- 2025 წლის იანვარ-აპრილი - 81 სამშენებლო ნებართვა.