3 წელში დასავლეთის ქვეყნებიდან ინვესტიციები 741.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ჯამურად 15.675 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) განხორციელდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების ანალიზის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ ქვეყანაში FDI კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, მხოლოდ 2022 წელს საქართველოში 2.224 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წელს კი 1.928 მილიარდი დოლარის. მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში 13%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
ამასთანავე, უკვე 2024 წელს 1.569 მილიარდ დოლარამდე შემცირდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს კი 2022 წელთან შედარებით 29%-იანი, ხოლო 2023 წელთან შედარებით 18%-იანი ვარდნაა.