თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ზაფხულის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა - Geo Realty
თბილისში უძრავ ქონებაზე ზაფხულის შემდეგ მოთხოვნა გაზრდილია - ამის შესახებ Geo Realty-ის დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა და სექტორში არსებულ ბოლო ტენდენციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვებში დომინირებენ საქართველოს მოქალაქეები. გარდა ამისა, გამზარდია აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონებას ყიდულობენ ყაზახეთის მოქალაქეებიც.
„ზაფხულის პერიოდი უძრავი ქონების მოთხოვნის თვალსაზრისით სეზონური გაჩერების პერიოდია ხოლმე. სექტემბრისკენ მოთხოვნა ყოველთვის იზრდება ყველა მიმართულებით. ზაფხულის შემდეგ მოთხოვნა გაზრდილია. ადრე თუ გადაწყვეტილების მიღებისთვის მყიდველებს უფრო მეტი დრო სჭირდებოდათ, ახლა ეს დროც შემცირებულია. თბილისში ძირითადად ქართული საზოგადოებაა მყიდველი, არიან ასევე ისრაელის მოქალაქეები, ყაზახეთის მოქალაქეებიც შეიმჩნევა, ჩინელები და რუსები მე არ მყოლია“, - ამბობს მაია გამზარდია.
ამასთანავე, მანვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში თბილისში უძრავ ქონებას ყიდის რუსულენოვანი მოსახლეობა, ბათუმში კი საპირისპირო შეინიშნება.
„რუსულენოვანი პირები თბილისში უძრავ ქონებას უფრო აქტიურად ყიდიან. ადრე თუ რაღაც პერიოდი ყიდულობდნენ თბილისში უძრავ ქონებას, ახლა ძალიან დიდი რაოდენობით ყიდიან. ბათუმში პირიქით არის - ყოველთვის მოთხოვნადია უძრავი ქონება და პოსტსაბჭოთა სივრციდან აქტიურად ყიდულობენ. მე არ მგონია, რომ ახლა თბილისში ყიდვის კუთხით რუსულენოვანი პირების მხრიდან ისეთი დიდი აქტივობა იყოს, როგორც ადრე. ახლა საკმაოდ ბევრმა გაყიდა და ბევრი ყიდის“, - განაცხადა მაია გამზარდიამ.