თეგებით ძიება

თბილისის მერიამ ტრამვაის მშენებლობის 416-მილიონიანი ტენდერი 2026 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის მშენებლობაზე ოქტომბერში გამოცხადებული ₾416-მილიონიანი ტენდერის დასრულების თარიღი ორი თვით გაახანგრძლივა. ტენდერი პირვანდელი გეგმით, 22 დეკემბერს სრულდებოდა, თუმცა მასში წინადადებების წარდგენის ვადა 2026 წლის 16 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ტენდერის ვადის გახანგრძლივება სავარაუდოდ დაკავშირებულია ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიების მხრიდან მერიის მიმართ პროექტის ტექნიკური აღწერილობის დაზუსტების შესახებ გაგზავნილ კითხვებთან.

ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.

საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.

ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას, რომელიც პროექტს განახორციელებს 2010 წლის შემდეგ არანაკლებ 2 ტრამვაის ხაზი უნდა ჰქონდეს განხორციელებული.

416-მილიონიანი ტენდერი არ მოიცავს ტრამვაის 11 შემადგენლობის შესყიდვას, რისთვისაც მომავალში ცალკე ტენდერი გამოცხადდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში სხვადასხვა კომპანიებმა უკვე დააფიქსირეს 20-ზე მეტი სხვადასხვა კითხვა პროექტის ტექნიკური აღწერილობის და განხორციელების პირობების შესახებ. მათმა ნაწილმა მერიას ტენდერის ვადის გადაწევის თხოვნითაც მიმართა. კომპანიების მხრიდან დაფიქსირებული ძირითადი კითხვები შემდეგ საკითხებს უკავშირდება:

ტექნიკური პარამეტრები

ტრამვაის გამტარუნარიანობა,

მოძრაობის ინტერვალი,

მგზავრობის დრო.

სამუშაოების მოცულობა

ევალება თუ არა კონტრაქტორს გზების დროებითი გადაკეთება და მოძრაობის ორგანიზება;

შედის თუ არა სამუშაოებში არსებული კომუნიკაციების — წყალი, გაზი, სანიაღვრე, კაბელები — გადატანა.

გამოცდილება

ჩაითვლება თუ არა მეტროს პროექტები ტრამვაის გამოცდილებად;

აკმაყოფილებს თუ არა ახალი მეტროს ხაზის მშენებლობა „ანალოგიური პროექტის“ მოთხოვნას.

საწყისი მონაცემები

კომპანიები ამბობენ, რომ ტენდერის ფაილები შესაძლოა არასაკმარისია Design-Build მოდელისთვის და ითხოვენ დაზუსტებას, რამდენი კვლევა უნდა ჩაატარონ თავად.

კონტრაქტის პირობები

საკითხები, რომლებიც კომპანიების კითხვებში ყველაზე ხშირად მეორდება:

დავების გადაწყვეტის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება;

20%-ით დაბალი ფასის შემთხვევაში დამატებითი საბუთების საჭიროება;

გაცვლითი კურსის სხვაობისა და ინფლაციისგან დაცვის მექანიზმები;

ექსპროპრიაციის ხარჯების ანაზღაურება;

ნებართვების აღების ვადების ჩათვლა;

მაღალი დღიური ჯარიმების გადახედვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა