ბარაკ ობამა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში. იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად", - ნათქვამია წერილში.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს, რომელიც ვაშინგტონში 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაიმართება.
"ვიმედოვნებ, შემომიერთდებით ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტზე, რათა განვაგრძოთ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილში.
interpressnews.ge