"ქართული ოცნება" გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრას არ აპირებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის საკითხი ხვალ ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, მაგრამ ქართული ოცნება არ აპირებს გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრას. უთანხმოება ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით მწვავდება. უმრავლესობის წევრები გიორგი ქადაგიძის ანგარიშის მოსმენაში აზრს ვერ ხედავენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კი რამდენიმე კვირაში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
“მას აქვს ტრიბუნა ეროვნული ბანკშიც, შეუძლია ნებისმიერი საკონფერენციო დარბაზი დაიქირავოს და თავისი შვიდწლიანი საქმიანობის შესახებ ისაუბროს რამდენიც სურს. კი ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ანგარიშის განხილვა ერთი თვით ადრე მოხდა თუ გვიან" - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.
ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ფიქრობს, რომ განხილვებზე უარის თქმამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოიტანოს.
“განხილვები არ გააფუჭებს არაფერს, პირიქით განხილვების უარყოფამ შეიძლება რამე გააფუჭოს, უბრალოდ მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში განხილვების მოთხოვნა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ატარებს მხოლოდ და მხოლოდ თავის თავის ანაგარიშვალდებულად და პასუხისმგებლად წარმოჩინების მიზანს,"- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე
rustavi2.com