პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დებატები არ გაიმართება
პარლამენტში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დებატები არ გაიმართება. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" მოსაზრებით, ფორმატი პოლიტიკური დებატების ფორმატით უნდა გაგრძელდეს. გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ იმ დეპუტატებსაც უნდა მიეცეთ გამოსვლის საშუალება, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში
უმრავლესობის წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის ფორმატით უნდა გაგრძელდეს. „შარშან და შარშანწინ ფრაქციების გამოსვლის რეჟიმში მოვუსმინეთ ჩვენ პრეზიდენტის მოხსენებას. გთავაზობთ, ისევ იმავე რეჟიმში მოვუსმინოთ პრეზიდენტს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა
ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს გამოსვლების ფორმატის თაობაზე უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ დასმულ ორი წინადადებას. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო განხილვა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე გადაწყდა, რომ თითოეული ფრაქციის გამოსვლის ხანგრძლივობა იქნება 15 წუთი.
პარლამენტის სხდომა ხვალ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება. „გთხოვთ, მივიღოთ ზომები იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს შეკრებილი ამ დროისთვის და სათანადოდ დავხვდეთ პრეზიდენტს და სხვა სტუმრებს, ვინც მობრძანებას გადაწყვეტს", - მიმართა დეპუტატებს დავით უსუფაშვილმა.
news.ge