ახვლედიანმა არასამთავრობოებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, ახვლედიანი მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ტესტების გატანაზე ესაუბრა.
„მისი ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადიოდა ტესტები, ის ტესტები, რომლებიც გამოიყენებოდა მოსამართლეთა გამოცდებზე. თუკი მართალია, რა თქმა უნდა, ეს არის დარღვევა და შესაბამისმა ორგანოებმა ეს უნდა შეისწავლონ. ცხადია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად, ჩვენ გვაქვს პრობლემები მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნაში.
აქ იყო საუბარი კონკრეტულ ტესტზე, ქეისზე, რომელიც იყო გატანილი და რომელიც მოხვდა იმ პირის ხელში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გამოცდაში. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ. მას ნამდვილად არ უთქვამს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი. თუმცა, ცხადია, რომ ამაში რომ არ ყოფილიყო მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება“, - განაცხადა გიგაურმა.
news.ge