გოგი თოფაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
არასამთავრობო ორგანიზაციამ „მზის შვილები“ სოციალურ ქსელში პეტიცია მოამზადა, რომლის ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. პეტიციაზე ხელის მომწერები საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.
პეტიციის საფუძველი დეპუტატის მიერ 3 თებერვალს, პარლამენტში გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან „დაუნი“ სალანძღავ სიტყვად გამოიყენა.
„ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო თავის ისტორიულ ოჯახში, ადრე თუ გვიან, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით, რომ საქართველო, დასაბამიდან, ტოლერანტული ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელია!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა ვუწყით, რომ ამ ქვეყანაში უზენაესი კანონი კონსტიტუციაა!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, აღმასრულებელიც, როგორც კონსტიტუციაშია წერია, ხალხის სამსახურში იყოს და ხალხის დაკვეთას ასრულებდეს!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, გვინდა, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მართვაში ჩვენც ვმონაწილეობდეთ და, მინიმუმ, ის მაინც შეგვეძლოს, რომ ხელისუფალნი გვისმენდნენ!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ჩვენს უფლებებს სწორედ ისინი არ არღვევდნენ, ვინც უნდა გვიცავდნენ!
სწორედ ამიტომ, ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის წევრს, ფრაქცია „მრეწველობა - ქართული ოცნების“ თვამჯდომარეს, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული დისკრმინაციულ და ჰომოფობიურ განცხადებებში!
ბატონი გოგისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების შეჩერება პრეცედენტი და დასამახსოვრებელი მაგალითი იქნება ყველასთვის, მათ შორის, ქვეყნის აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო წევრებისთვის, ასევე, პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც თავიანთ გამოთქმებითა და განცხადებებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით ყოველ წუთს არღვევენ ჩვენს, მათ შორის, შშმ პირების უფლებებს!
ბატონებო, თუკი ჩვევის დონეზე მაინც დავიმახსოვრეთ, რომ მაგალითად, ავტომანქანაში ღვედის გაკეთება აუციელებელია, თორემ დავჯარიმდებით, დროა, ჩვევის დონეზე ისიც დავიმახსოვროთ, რომ ადამიანის დისკრიმინაცია, მინიმუმ, ცუდი საქციელია!
სწორედ ამიტომაც, ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები ვქმნით პრეცედენტს და ვითხოვთ, რომ გოგი თოფაძეს შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება!
ჩვენ ბევრნი ვართ!
ჩვენ არ გვაქვს ფული, მაგრამ გვაქვს ღირსება და თავსუფლება!
ჩვენ ვიწყებთ!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები ვქმნით პრეცედენტს და ყველა ჩინოვნიკს ვაიძულებთ, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები!“ - წერია პეტიციაში.
პეტიცია
news.ge