თეგებით ძიება
12. 03. 2016 News-ები

ოკუპირებული ტერიტორიაზე შეიარაღებულებს გზა გაჰყავთ

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.


რამდენიმე ადგილობრივმა შეიარაღებულებთან გასაუბრებაც შეძლო.

"გზა გაჰყავთ პირდაპირ ჩვენს მიწის ნაკვეთებში. ასევე სოფლის სტადიონსა და საძოვრებზე. როგორც მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, აღნიშნული ტერიტორია სასაზღვრო ზონას წარმოადგენს. აქ უნდა გაივლოს საოკუპაციო ხაზი და შესაბამისად, ყოველდღიურად პატრულირებისთვის სჭირდებათ გზის მოწესრიგება. ჩვენი ნაკვეთები მთლიანად მოექცა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაახლოებით 30-40 ჰექტარ მიწის ფართობზე შეგვეზღუდა წვდომა", - განაცხადა სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელმა დავით გოგიაშვილმა.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა ელდარ გოგიაშვილმა ცოტა ხნის წინ შეიარაღებულ ფორმიანებს თხოვნით მიმართა, რომ მის ხეხილის ბაღში მოჭრილი ნარგავები შეშად გამოეტანა, რაზეც თანხმობა მიიღო.

"ვთხოვე, რომ შეშად მაინც წამოვიღებდი ჩემივე ვაშლის ნარგავებს. ამდენი წლის განმავლობაში ვუვლიდი, ამ ტერიტორიაზე ჩემი ორი ნაკვეთი მოექცა. ერთი 30 მეასედია, მეორე კი - 50 მეასედი. მთლიანობაში 80 მეასედი მიწის ნაკვეთი დავკარგეთ. აქ არიან რუსებიც და ოსებიც", - აცხადებს ელდარ გოგიაშვილი.

სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა