თეგებით ძიება
26. 07. 2016 News-ები

პრეზიდენტის ოჯახის წევრი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება,- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებზე არაეთიკურ რეაგირებას და ბრალდებებს, პოლიტიკური ბრალდებები და გიორგი მარგველაშვილის დადანაშაულება ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსის თაობაზე, ჩვენთვის ახალი არ არის და არც პირველი შემთხვევაა. ეს ჩვენ დიდი ხანია უკვე აღარ გვიკვირს”, - განაცხდა მიშველაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდამ ისმის ბრალდებები, რომ გიორგი მარგველაშვილი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან არის გარიგებაში. ამ კონტექსტში ეკა მიშველაძემ რამდენიმე ფაქტი დაასახელა, მათ შორის, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, როდესაც მისი თქმით, პრეზიდენტი ,,ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს, ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობაზე გიგი წერეთლის მხარდაჭერის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაცვის გამო ,ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში დასდეს ბრალი. მიშველაძის თქმით, უფრო შორს წავიდნენ და განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად აჭარაში მთავრობა უკანონოდ გადააყენა.

,,ყველაფერი კი ბევრად მარტივია, პრეზიდენტი არის ინსტიტუციების დამცველი. პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება. პრეზიდენტი ადეკვატურად მიიჩნევს ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი”, - განაცხადა მიშველაძემ.

კითხვაზე - ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან პრეზიდენტის ოჯახის წევრი, მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის ოჯახის წევრი, ვისაც ეს ეხება, მზადაა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ,,ამ წუთის მდგომარეობით, მე არ მაქვს ინფორმაცია იყო თუ არა რაიმე კომუნიკაცია მათ შორის”, - განაცხადა მიშველაძემ.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.

”ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც გიორგი პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა პრეზიდენტმა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა