თეგებით ძიება
23. 08. 2016 News-ები

ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულებზე გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ისინი ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან

ადვოკატის ინფორმაციით, ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული სამი პირის მიმართ გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ისინი ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს გარკვეული მასალები, მათ შორის ”ფეისბუქ” გვერდები და ფოტოსურათები, რომლის თანახმადაც, გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ბექაური, მინდია ვაშაყმაძე და ჯაბა მელქაძე შესაძლოა ვაჰაბიზმის მიმდევრები იყვნენ.

როგორც ჭრელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვაჰაბიზმის მიმდევრობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” დროშის ფონზე სურათი მიზანმიმართულად არ აქვს გადაღებული.

”საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, არის ეჭვი, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია. ბექაურს ახლაც ჰკითხეს გამომძიებლებმა ამის შესახებ, თუმცა მან აღნიშნა, რომ არ არიან ვაჰაბიზმის მიმდევრები. საქმის მასალებში დევს ”ფეისბუქ” გვერდები, რომელიც ვაჰაბიზმს ეხება, ასევე ფოტოსურათები, რომელიც ბექაურს ”ისლამური სახელმწიფოს” დროშის ფონზე აქვს გადაღებული და, ალბათ, აქედან გამომდინარე არის ეჭვი. ბექაურმა გამომძიებლებს დაუფიქსირა, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და არავითარი შემხებლობა სხვა რელიგიასთან არ აქვს”, - განაცხადა ჭრელაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა გამოძიებას ეჭვი, რომ ტერაქტი შესაძლოა რომელიმე უცხოური დაჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული, ადვოკატის თქმით, საქმის მასალების მიხედვით, რაიმე უცხოურ ან ისლამურ დაჯგუფებებზე საუბარი არ არის.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა