დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, როგორც თქვენ დაგვიდექით გვერდით - მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასეს. კახა კალაძის Facebook-ლაივში მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გამარჯვება უთანასწორო ბრძოლაშია მოპოვებული.
„ბევრჯერ ვთქვით, რა უთანასწორო ბრძოლა იყო. ყველამ პირი შეკრა თითოს ჩვენ წინააღმდეგ, იმიტომ რომ რაღაცაში არ შევყევით. ყველაფერს ვაკეთებდით მეგობრულად, ძმაკაცურად, ყველანაირად და ბოლოს ერთადერთ იმის გამო, რომ სადღაც არ შევვარდით - ისეთ ომში, სადაც ჩვენ გავნადგურდებოდით ფიზიკურად,ყველამ ამიტომ შეკრა პირი ჩვენ წინააღმდეგ. ეს რეალობა იყო და ქართველმა ხალხმა ეს დაინახა. თან ნელ-ნელა გავათვიცნობიერებთ ახლა რაღაცებს. ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 150-180 ათასით მეტი ხმა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. შესაბამისად, ეს იყო მართლა უთანასწორო ბრძოლაში ერთმანეთის გვერდით დამდგარი ხალხი და ხელისუფლება. და ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. წეღან ვწუწუნებდით, რომ „მაინც 100 მანდატი გვინდოდა“. რა 100 მანდატი გინდოდა? ვინ გებრძვის, რამდენი, რა მეთოდებით! და აქ იმარჯვებ.
ჩვენი ვაჟკაცობა და მაგარი დადგომა არ ეყოფოდა ამას. ქართველი ხალხი ყველა ჯერზე ისე გონიერად მიდის საქმეზე, არჩევნებზე, ქვეყნის სადარაჯოზე, რომ უფრო ბრძნული გადაწყვეტილება შეუძლებელია. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხე არ გვემუქრება, პირიქით, გაძლიერება, როგორც ეროვნული თვალსაზრისით, ისე ფიზიკურადაც, მატერიალურადაც. დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, როგორც თქვენ დაგვიდექით გვერდით“, - განაცხადა მდინარაძემ.