თეგებით ძიება
23. 12. 2016 News-ები

"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა

თბილისის "საბურთალოს" თანამშრომლობა ესპანელებთან დასრულდა - კლუბი დატოვეს როგორც ფეხბურთელებმა, ისე - სპორტულმა დირექტორმა მანოლო იერომ. ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

სამივე პირენეელი ლეგიონერი "საბურთალომ" 2016 წლის ზაფხულში, გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე დაიმატა. 25 წლის შემტევ ნახევარმცველ სანტი ხარას (14 მატჩი, 2 გოლი) კონტრაქტი დაუსრულდა, ხოლო ცენტრალურ მცველს, 28 წლის ხოსე კარასკოსა (11 მატჩი) და 27 წლის თავდამსხმელ გარსია პენას (12 მატჩი) "საბურთალო" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა. რაც შეეხება ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, ფერნანდო
იეროს ძმას, მანოლო იერომ "საბურთალოში" მუშაობა წლის დასაწყისში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, გარდამავალი ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოუხდა "საბურთალოს" დატოვება ესპანელ მთავარ მწვრთნელს, პაბლო ფრანკო მარტინის, რომელიც გია ჭიაბრიშვილმა შეცვალა.

"...ხელშეკრულებები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ. ესპანელებთან თანამშრომლობა საინტერესო და სასარგებლო პროექტი იყო. მანოლო იერომ და პაბლო ფრანკომ "საბურთალოს" ბევრი რამ შესძინეს და უმადურობა იქნება იმის თქმა, რომ ცუდი სპეციალისტები იყვნენ. მაგრამ ამ ეტაპზე პროექტი აღარ გაგრძელდა.

ქართულ რეალობასთან შეგუება პრობლემურია. ისინი პროფესიონალებთან მუშაობას არიან შეჩვეულები, აქ კი სხვა გარემო და მენტალიტეტი დახვდათ.

ბევრს ჰგონია, რომ საქართველოში მუშაობა ადვილია. სინამდვილეში ასე არ არის. პირიქით, აქ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დალაგებულ ევროპაში, სადაც მოთამაშეებმა იციან, რა გააკეთონ - აქ ფეხბურთელებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. თუმცა, ვიმეორებ, იერო და მარტინი საქმეს პროფესიულად უძღვებოდნენ და მათი მადლიერები ვართ". - აქვეყნებს კაშიას ნათქვამს "ლელო".
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა