თეგებით ძიება
31. 12. 2016 News-ები

ერეკლე გეწაძე: ფარისევლობა გვჭამს, მზად ვართ ყველა დეკეულივით ვამხილოთ!

GOGAGGG.TV-ს სპეციალური სტუმარია ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და ღია სივრცის ნიჭიერი მსახიობი ერეკლე გეწაძე. იგი თეატრის მოყვარულებისთვის ცნობილია სპექტაკლებიდან: „ დორიან გრეის პორტრეტი“, „სამი და“ , „ცხოველების ფერმა“, „მინის სამხეცე“ და ა.შ. ხოლო, კინომოყვარულთათვის სერიალებიდან: „ქერჩი: დაკარგული გმირები“, „ფსიქოპატთა თამაშები“, „შუა ქალაქში“ და თიბისი ბანკის კინოპროექტიდან „ ერთ კაცს ვუყვარდი“.

1. როგორი იყო ერეკლე გეწაძე ბავშვობაში და რაზე ოცნებობდა ხშირად?
ერეკლე გეწაძე იყო გულჩვილი და კეთილი ბავშვი, თუმცა, ამავდროულად იყო ძალიან ცელქი და ახასიათებდა ბევრისთვის უცნაური, გაუგებარი, იუმორისტული გამოხტომები. სკოლაში თითქმის ყველა საგნის მიმართ ჰქონდა ზერელე დამოკიდებულება და ეზარებოდა მეცადინეობა, მაგრამ ამავდროულად დადიოდა ფორტეპიანოზე, სადაც ისეთი მონდომებით მეცადინეობდა და უკრავდა, ყველა გამოცდა ფრიადზე ჩააბარა. მიუხედავად ამისა, მას მაინც არ სურდა ყოფილიყო მუსიკოსი, რადგან ხატვა იყო მისი იმდროინდელი გატაცება. ოცნებობდა დაეხატა ისეთი სურათები, რომლებიც აღფრთოვანებულს დატოვებდა ყველას, მაგრამ არ გამოსდიოდა…

2. მსახიობების ოჯახში გაიზარდეთ, იქონია თუ არა გავლენა ამ ფაქტორმა პროფესიის არჩევაზე?
მთელი ბავშვობა თეატრში მაქვს გატარებული და სულ ვხედავდი ჩემი მშობლები როგორ იდგნენ სცენაზე და რეპეტიციობდნენ მეგობრებთან ერთად. მახსოვს, 13 წლიდან ვეღარ ავიტანე ეს ყველაფერი და საშინელი პროტესტი გამიჩნდა მსახიობების მიმართ. ვეღარ ვიტანდი თეატრს და აღარც დავდიოდი. მაგრამ, როდესაც საბედისწერო გადაწყვეტილების წინაშე დავდექი და უნდა ამერჩია ჩემი სამომავლო პროფესია, მაინც ამოხეთქა ბავშვობაში დალექილმა მოგონებებმა და მსახიობობა ავირჩიე.

3. საყვარელი როლი თუ გაქვთ?
ბავშვობაში ვოცნებობდი გმირი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა… ან ვერ ვახერხებდი გმირობას ან ვახერხებდი და ვერ ხედავდნენ (იღიმის). აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ ძალიან მინდოდა გმირის თამაში... მაგალითად, სუპერმენის ან ზოროსი. ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე უარყოფითი გმირების თამაში მომინდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლაც მზად ვარ ნებისმიერი უარყოფითი პერსონაჟი განვასახიერო. მაინცდამაინც ბევრი როლი არ მქონია ცხოვრებაში, მაგრამ თუ სადმე რამე მითამაშია - ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყველგან ძირითადად დადებითი პერსონაჟი…

4. დაამთავრეთ შვიდწლედი, უკრავთ ფორტეპიანოზე, ბასგიტარასა და დრამზე. საკუთარი შემოქმედებაც გაქვთ.
მუსიკა, როგორც ვთქვი ბავშვობიდან განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ შვიდწლედი დავამთავრე და შემდეგ დრამზე დაკვრა ვისწავლე, ძალიან ბევრს ვუსმენდი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და მყავდა ჩემი ფავორიტი მუსიკოსები: მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეი დილა, დაფტ ფანქი, ფინქ ფლოიდი და სხვები. ჩემდაუნებურად, ზეპირად ვსწავლობდი მათი მუსიკიდან თითოეული ინსტრუმენტის პარტიას და ვცდილობდი ფორტეპიანოზე ან დრამზე გადამეკოპირებინა. სწორედ ამან გამოიღო შემდგომში ის შედეგი, რომ საკუთარი მუსიკის კეთება დავიწყე. ამ ეტაპზე არსად ვუკრავ, თუმცა, მაქვს რამდენიმე სპექტაკლი გაფორმებული და ახლო მომავალში აუცილებლად გავაკეთებ ჩემი მუსიკის პრეზენტაციას.


5. მიუხედავად იმისა, რომ ერთგული მაყურებელი ყოველთვის გყავდათ, გადაცემა “იქს ფაქტორმა” წარმოუდგენელი პოპულარობა მოგიტანათ. პროექტში როგორ მოხვდით?
„იქს ფაქტორში“ ძალიან დემოკრატიულად მოვხვდი. ჩატარდა ქასთინგის რამდენიმე ტური და ამირჩიეს. საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დავდექი - ამ სფეროში სრულიად გამოუცდელი, პირდაპირ ეთერში უნდა გავძღოლოდი მეგა პროექტს… ბევრი სირთულე იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.

6. ერეკლე გეწაძის ერთი ჩვეულებრივი დღე
ყველა პერიოდში სხვადასხვანაირი დღე მაქვს. ამ პერიოდში კი ჩემი ჩვეულებრივი დღე იწყება 10 საათზე მძიმე რეპეტიციით, რომელიც ექვსი საათის მანძილზე მიმდინარეობს, შემდეგ მივდივარ სახლში, ვისვენებ და თან მუსიკას ვაკეთებ. და ბოლოს, დგება რეპეტიციაზე მოცემული დავალებების შესრულების დრო - წაკითხვა, ზეპირად სწავლა, წერა და სხვ. რომელიც მთელი ღამე, დაძინებამდე მიმდინარეობს.

7. საყვარელი ფრაზა
ცხოვრება აწმყოს ესკიზია

8. რომ არ ყოფილიყავით მსახიობი, მაშინ…
დავრჩებოდი მუსიკოსი და პარალელურად ვიქნებოდი კინორეჟისორი. სხვათაშორის, მისაღები გამოცდებიც საკმაოდ მაღალ ქულებზე ჩავაბარე და იმის გამო, რომ სამსახიობო ფაკულტეტზე და სარეჟისოროზეც ერთდროულად ვერ ვისწავლიდი, უარი ვთქვი რეჟისორობაზე.

9. მსახიობობა არის…
საკუთარი სხეულის და ფსიქიკის ფლობა, ყურადღება, მობილიზება, სისხარტე, ინტელექტი და პლუს ფანტაზია.

10. ერეკლე გეწაძის გზავნილი მსოფლიოს
ფარისევლობა გვჭამს, მზად ვართ ყველა დეკეულივით ვამხილოთ!

11. როგორი გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში და რას პირდებით თქვენს ერთგულ მაყურებელს?
გარდა ჩემი მუსიკის პრეზენტაციისა, “ღია სივრცეში” იგეგმება მიშა ჩარკვიანის და დათო ხორბალაძის ერთობლივი დოკუმენტური სპექტაკლის “მშობელთა კრების” პრემიერა, სადაც მეც მივიღებ მონაწილეობას („ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ არის ახალი სახელოვნებო სივრცე, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანები, მისცეს თვითგამოხატვის საშუალება, რაც მთავარია, დაუკავშიროს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ალტერნატიულ სივრცეში ერთმანეთს და იზრუნოს მათ პრომოუშენზე). ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და უჩვეულო სპექტაკლი ელის მაყურებელს.

12. სად ხვდებით 2017 წელს და გაქვთ თუ არა განსაკუთრებული ტრადიცია, რომელსაც არასოდეს არღვევთ ახალი წლის ღამეს?
ახალ წელს, როგორც ყოველთვის სახლში ვხვდები, რადგან გვაქვს ასეთი ტრადიცია: ყველა ოჯახის წევრი ერთმანეთის საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ვალაგებთ, რომლებსაც 31 დეკემბერს 12 საათზე ვხსნით.


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
სპეციალურად GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა