თეგებით ძიება
10. 01. 2017 News-ები

ქუთაისიდან ნიუ იორკამდე გავლილი გზა და კვლავ თეატრის სცენაზე

მატარებლით ჩავედი ტრენტონიდან ნიუ იორკამდე. მუსიკალური სპექტაკლი – „წუნა და წრუწუნა“ – 4 საათზე უნდა დაწყებულიყო, მე კი ამ დროს ჯერ კიდევ მანჰეტენზე ვიყავი. ტაქსი გამოვიძახე და გავუდექი თეატრისკენ მიმავალ გზას. გამიმართლა, სულ რაღაც ათი წუთი დამაგვიანდა. უცებ გამახსენდა, 20 წლის წინ როგორ მივიჩქაროდი ყველასთვის ცნობილი და საამაყო ქუთათურის, დიდი მსახიობის – ბატონი გიზო კაკაურიძის მონაწილეობით გამართულ სპექტაკლზე. ისიც მახსოვს, ბილეთის ფული რომ ნახევარი საათით ადრე ვიშოვე. გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში შევიარე და ბატონმა ალეკო შენგელიამ გვითხრა მე და ჩემს კურსელს, თქვენს ჰონორარს არ აიღებთო? ერთმანეთს გახარებულებმა შევხედეთ და როგორ გავიქეცით თეატრისაკენ, დღესაც მახსოვს. იქაც დავაგვიანე და დარბაზში რომ შევედი, ბატონი გიზოს ომახიანი ხმა შემომესმა, რომელსაც თან ხალხის დიდი ემოცია და სიცილი ერთვოდა. დღეს კი მისი ვაჟის – გიორგის სპექტაკლია; უფრო სწორად, იგი თამაშობდა მთავარ როლს. პირველად დავესწარი სპექტაკლს,სადაც გიორგი კაკაურიძე მონაწილეობდა. ემოციები ძალიან დიდი იყო. მისმა იუმორისტულმა მიმიკებმა მთელი დარბაზი აიყოლია. მას მთავარი როლის შესრულება უმცროს თაობასთან ერთად უწევდა, რომელთა უმრავლესობაც ამერიკაში დაბადებული ქართველები იყვნენ. გიორგი პროფესიონალურად მოერგო ამ ამპლუას. ვინატრე, ბატონი გიზოც აქ ყოფილიყო … ბოლოს, იგი 1996 წელს ვნახე, როდესაც იუნესკოს ეგიდით საფრანგეთში ვიყავით მიწვეული. მე მაშინ 17 წლის ვიყავი, ახალბედა ჟურნალისტი. დღეს კი ნიუ იურკში მის შვილთან მომიწია ბატონი გიზოს გახსენება, რომელიც თავისი ცხოვრების ლამაზ წლებს ერთგულად ატარებს ქუთაისში. სპექტაკლის დამთავრებისას, ჩემ გვერდით მჯდომ ამერიკელს გავესაუბრე და დავინტერესდი მისი შთაბეჭდილებით. გავოცდი, როდესაც გატეხილი ქართულით მიპასუხა: „ნიჭიერი ერი ხართ, ნიჭიერი“. თავი ქუთაისში მეგონა, რადგან ბევრი ქუთათური იყო იმ დღეს დიდი თეატრის დარბაზში, მათ შორის, ყველასათვის ცნობილი ლევან შენგელია; ასევე, ნინო ახვლედიანი, ბატონი დევის ახვლედიანის ქალიშვილი , მე და ბატონ დევისს ერთად მოგვიწია მიგრაცია ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინათში. მუდამ იმას ცდილობდა ბატონი დევისი, რომ იქაც ზიარებოდა დიდ ხელოვნებას, მაგრამ არ დასცალდა...

სპექტაკლის დამთავრებისას, გიორგიმ და მისმა მეუღლემ, კაფეში დამპატიჟეს. ბედნიერება მხვდა წილად, გამეცნო რეჟისორი, ბატონი ნიკოლოზ საბაშვილი. გავოცდი, როდესაც მისგან გავიგე, რომ თურმე სამ კვირაში დაუდგამთ ეს ლამაზი სპექტაკლი. მის დადგმაში დიდი წვლილი ანსამბლ „ფესვებს“ მიუძღვის. მათი შესრულებული ცეკვები და სიმღერები ლამაზად ერწყმოდა „წუნა და წრუწუნას“ ზღაპრის გმირებს, ერთ კომპოზიად იკვრებოდა და ბოლოს საოცარ სანახაობად იქცა.

უკვე კარგად შეღამებული იყო, რომ პენსილვანიის შტატში უნდა დავბრუნებულიყავი. საღამოს ტაიმ სკვერზე გავისეირნე, მაგრამ იქ ვერ ვხედავდი ნიუ იორკს, ვერც ყვითელი ტაქსებით გადაჭედილ ქუჩებს, ვერც მაღალ შენობებს... ვხედავდი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს და მის მსახიობებს; ასევე, იმ დიდ სიხარულს ვგრძნობდი, გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციის ჰონორარით რომ ბილეთი ვიყიდე და პრემიერაზე მივიჩქაროდი.


ლელა ვაშაკიძე, 2017


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა