თეგებით ძიება

ჩვენი 1 ხმით ჩავებათ სულხან-საბას, ილიას, ჯავახიშვილის, ამ თაობების ჯაჭვში - რას ამბობს ილიაუნის რექტორი?

რატომ არის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და რატომ წყვეტს შენი ერთი ხმა, შენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს? – ამ თემაზე "ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძეს ესაუბრა.

"ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულია. ამ ისტორიულობას ორი მხარე აქვს: ერთია ამ არჩევნების გამორჩეული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ ისტორიული შედეგის მიმართ, პასუხისმგებლობა, რომელიც ნამდვილად გაივლის თითოეულის სინდისზე, იმიტომ რომ ამ შედეგს თაობები ქმნიდნენ და  ეწირებოდნენ.

არის კიდევ ერთი სრულიად უნიკალური რამ თითოეული ჩვენგანისთვის: აი, სწორედ ასეთ საყოველთაო მომენტში ჩაებმება თითოეული იმ საერთო ჯაჭვში, რასაც თაობებს შორის უწყვეტობას ვეძახით.

თითოეულ  ჩვენგანს განსაკუთრებული ემოციური ბმა აქვს თაობების უწყვეტ კავშირთან, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ვისაც როგორ შეგვიძლია.

მაგრამ აი, 26 ოქტომბრისნაირ ისტორიულ დღეებში შენ, ერთი მოქალაქე, შენი ერთი გადამწყვეტი ხმით მხოლოდ ემოციურად კი არა, რეალურად ებმები ამ თაობების მემკვიდრეობით ჯაჭვში. თითქოს რაღაცნაირად უნდა გაფართოვდეს ეს წრე და თითოეული ჩავებათ ქართველი ათონელების, სულხან-საბას, ილიას, კოტე აფხაზის, ივანე ჯავახიშვილის და აი, მთელი ამ თაობების დიდ ჯაჭვში ჩვენი ერთი პატარა ხმით.

ზოგადად, პარტიულ ადამიანებს სხვა ქიმია აქვთ, ჩვენ, არაპარტიული კუთვნილების მოქალაქეებს განსაკუთრებული ღუზა, ემოციური კაუჭი გვაქვს ხოლმე, აი, რასაც ჩავეჭიდებით, რითაც იმ დიდ ჯაჭვს ვუკავშირდებით. ამ დღეებში ყველა ჩემი ტოლი ვინც მხვდებოდა, მეკითხებოდა, ქალბატონი მზექალას ინტერვიუ ნახე? ინოლას ის სიმღერა იცოდი? ხომ ხედავთ, როგორ შეგვკრა მათმა სიტყვებმა?

წარმოუდგენელია, ამ ერთობაში შენს მონაწილეობაზე უარი თქვა, არ გინდოდეს, რომ საკუთარი ხმით, შენი  წილი არჩევანით იყო ამ უწყვეტობის ნაწილი, კოტე აფხაზისა და გიორგი ანწუხელიძის მიერ გადარჩენილ თავისუფლებასთან დადგე“, – ამბობს ნინო დობორჯგინიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა