სახურავების უგულებელყოფილი პოტენციალი - რატომ რჩება თბილისის სახურავები "უსიცოცხლო ზონებად“?
თბილისს ზემოდან რომ დახედო, ქალაქი თითქოს საკუთარ თავზე ფიქრობს, მაგრამ ზემოთ არასდროს იხედება. ჩვენი სახურავები ქალაქის იდენტობის ანარეკლია - ქაოსური, ჭრელი და ნაკლებად დაგეგმილი. ეს არ არის მხოლოდ გადახურვა, ეს არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ: სივრცე, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო ქალაქის მწვანე ფილტვი, კულტურული კერა ან უბრალოდ, სიმშვიდის ოაზისი ურბანულ ხმაურში.
სხვა ქალაქებმა, რომლებიც ასევე ებრძვიან ურბანულ ქაოსსა და კლიმატის გამოწვევებს, უკვე გააცნობიერეს, რომ სახურავი უბრალოდ გადახურვა კი არა, ცოცხალი ზედაპირია და მათი დატვირთვა გარემოსა თუ ადამიანის სასარგებლოდ შეიძლება.
პარიზში ბევრი შენობის სახურავი მწვანე ბაღად გადაკეთდა. ეს ეკოურბანული გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა გარემოსთვის. გამორჩეულია პარიზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, Institut Culinaire Cordon Bleu-ს სახურავზე 800 კვადრატულ მეტრ ფართზე გაშენებულ სივრცეს სიმშვიდის სამოთხესაც კი უწოდებს ბევრი მედიასაშუალება. აქ არის სეზონური ხილი, მწვანე ბოსტნეული, არომატული მწვანილი, ფუტკრის სკები… ეს ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზებას ითვალისწინებს. აქვეა კულინარიის გაკვეთილები, სადაც ნარჩენები დახარისხებულია და ექვემდებარება გადამუშავებას. აქ მოყვანილი ხილით, ბოსტნეულით, მწვანილითა და თაფლით საკვების მრავალფეროვანი ასორტიმენტი იწარმოება. შეგროვებული წვიმის წყლით ირწყვება ბოსტნეულის ბაღი. 2016 წელს გახსნილი ეს ინოვაციური და ამბიციური პროექტი საერთაშორისო კულინარიული ქსელის, Le Cordon Bleu-ს მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტია.
კლიმატის ცვლილებების ფონზე, 2018 წელს ვენაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ყველა ბრტყელი სახურავი გამოყენებული იქნებოდა ნარგავებისთვის და დახრილ სახურავებს “ამრეკლავი მასალებით” დაფარავდნენ, ქალაქის ცენტრში სიცხის დღეების რაოდენობა თითქმის 30%-ით შემცირდებოდა. UNESCO-ს ოფიციალურ საიტზე მოთხრობილია, Grüner Daumen association-იაზე, რომელიც წლების განმავლობაში ურბანული მებაღეობის წახალისებაზე წლებია მუშაობს. ვენის ერთ-ერთ წამყვან უბანში სხვადასხვა სახურავზე ბოსტნეულის ბაღები გაშენდა.
UNESCO წერს, რომ მწვანე ზედაპირებს ასევე სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ შენობებისთვის. მცენარეები ხელს უწყობს ტემპერატურის დაბალანსებას, რითაც იცავს სახურავს და ახანგრძლივებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ვენის ქალაქის ხელისუფლების ჩატარებული კვლევით, მწვანე სახურავი, თუ ის აკმაყოფილებს მიმდინარე ტექნიკურ სტანდარტებს, საბოლოოდ უფრო იაფია, ვიდრე „ხრეშით“ დაფარული.
თბილისის რეალობა განსხვავებულია. სახურავები ან დახურულია, ან ავარიული, ზოგჯერ კი უბრალოდ, უსიცოცხლო. მხოლოდ ერთეული, თანამედროვე შენობა არსებობს, სადაც მსგავსი პროექტია განხორციელებული. სახურავების მოწყობის პერსპექტივა არ ჩანს არც ქალაქის პოლიტიკაში, არც არქიტექტურულ გეგმაში.
თბილისის რეალობა ჯერჯერობით კონსერვატიულია: სახურავები ან ავარიულია, ან დახურული, ან უბრალოდ უსიცოცხლო. მსოფლიოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ „მწვანე სახურავი“ არ არის ფუფუნება - ეს არის ეკონომიკური და ეკოლოგიური აუცილებლობა, რომელიც შენობის სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ქალაქს კლიმატურ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება. თბილისს სჭირდება ხედვა, სადაც სახურავი უბრალოდ გადახურვა კი არა, ქალაქის მცხოვრებთა „ცოცხალი ზედაპირია“. დროა, თბილისმა ზემოთაც გაიხედოს.