თეგებით ძიება
18. 02. 2017 News-ები

დავით ბაქრაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე - მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას

საპარლამენტო უმცირესობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას ე.წ. ციანიდის საქმეზე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს და გაასაჯაროოს მტკიცებულებები, თუკი ასეთი მტკიცებულებები მას გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს დაკავებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით.

”ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქის განცხადება ამ პიროვნების შეფასების. ჩვენ მოვისმინეთ წმინდა სინოდის წევრთა განცხადებები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან მის უდანაშაულობაში და ასეთ პირობებში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, თუკი გააჩნია რაიმე სახის მტკიცებულებები, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ და გაასაჯაროვონ, რადგან დღეს დაკავებულია სასულიერო პირი და არ ვიცით რა ბრალდებით”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, არავინ არ იცის რას აპირებდა ეს ადამიანი, აპირებდა თუ არა საერთოდ ვინმეს მოწამვლას, რა ნივთიერება ჰქონდა მას ბარგში, იყო თუ არა ეს ციანიდი და ა.შ. საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები. „თუკი პროკურატურა ინფორმაციას არ გაასაჯაროებს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ და საშიშ მიმართულებას მიიღებს. საზოგადოებაში უკვე არსებობს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, საერთოდ თუ რაზეა საუბარი და რამდენად სამართლიანად არის დაკავებული სასულიერო პირი”, - აღნიშნა ბაქრაძემ.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნას, როგორც უმცირესობის ლიდერმა განმარტა, მომავალ კვირას მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს და პლენარული სხდომების ფორმატში უმცირესობა, პარლამენტის თითოეულ წევრს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერებს შესთავაზებს.

”პოლიტიკური კუთვნილება არის მეორეხარისხოვანი და პარლამენტის თითოეული წევრი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს სტაბილურობა, ეკლესიის პრესტიჟი და საზოგადოების დამშვიდება, მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტს”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა