თეგებით ძიება
24. 07. 2017 News-ები

სკანდალური აღიარება - "გამაუპატიურა, სახლში ჩაკეტილიც ვყავდი..."

სოც.ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნათია ხარატიშვილი საზარელ ისტორიას ავრცელებს, რომელიც თავად გადახდა:

30 წლის ნათია ხარატიშვილის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ეს ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც 16 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე. მე რაც გამოვიარე, ადევნება-თვალთვალის ალბათ კლასიკური მაგალითია. ვიღაც ტიპი პერმანენტულად უკან დამყვებოდა, ეს იქნებოდა სკოლისკენ მიმავალი გზა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სახლიდან გამოსულს თუ დამინახავდა, მაშინვე ჩემს შორიახლო გაჩნდებოდა ხოლმე. ამას აკეთებდა პერიოდულად, ხანდახან თვეში ერთხელ, ხანდახან სამი თვეც არ ჩანდა. ერთი უბნელები ვიყავით და ჩემი უკან დევნა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ხან მიზანმიმართულად იდგა და ელოდა, როდის გავივლიდი სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ხანაც შემთხვევით შემეფეთებოდა და ასე ამედევნებოდა ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ავტობუსში დედასთან ერთად ავსულვარ და იქაც ამომყოლია, ჩამოსულს კი ჩამომყოლია. უტიფარი მოშტერება იცოდა. ერთხელ, საიდანღაც ჩემი ტელეფონის ნომერი გაიგო და მომწერა კიდეც. მწერდა, რომ მისთვის ძალიან სასურველი ქალი ვიყავი, როგორც ამბობდა, ისეთი ფორმები მქონდა, რომ მას შემდეგ, რაც პირველად მნახა, ჩემი დავიწყება ვერ შეძლო. დეტალურად აღმიწერა, ჩემი პირველი დანახვისას რა მეცვა, და რომ ჩემი მკერდი განსაკუთრებით იზიდავდა. ამასობაში, სკოლის პერიოდი დასრულდა. ცნობისმოყვარეობის გამო, ამ ადამიანს ერთხელ შევხვდი კიდეც. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ჩემთვის უკიდურესად უსიამოვნო იყო. ამასობაში, ბევრი მოვლენა მოხდა: ქორწინების მიზნით გატაცება, რის გამოც ჩემი ცხოვრების 2-3 თვე დავკარგე... გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც კი გაიგო, რომ თავისუფალი ვიყავი, ამ ადამიანმა დევნა და თვალთვალი განაგრძო, იგივე მეთოდებით. აღარც არასრულწლოვანი ვარ, აღარც სკოლის მოსწავლე, აღარც - „გათხოვილი“. ამიტომ, ჩემთან დაკავშირებით უფრო გათამამდა - მე ხომ უკვე "ჩამოლაბორანტებულის“, „განათხოვარის“ სტატუსი მქონდა. შორიდან მაკვირდებოდა, შემდეგ ამედევნებოდა, ვისთანაც ერთად არ უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ სახლამდე ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკან მომყვებოდა, და ასე გაუთავებლად. ისეთი ტიპი იყო, რომ არავის ენახვებოდა. სავარაუდოდ, თავს იზღვევდა იმისგან, რომ მისი ვინაობა ან საცხოვრებელი ადგილი არ გამეგო. წლების მანძილზე ასეთი ქცევით, მან საკუთარი თავის რაღაცნაირი „გასაიდუმლოება“ შეძლო. მასთან პირადი კომუნიკაციის ძალზე იშვიათ შემთხვევებში, მუდმივად მაფრთხილებდა, რომ მის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა. მისი ადევნებები თითქოს გარკვეული თავშეკავებითაც ხასიათდებოდა - უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ „კარგი ტიპი“ იყო.

ერთხელაც, როდესაც ტელეფონით შეხვედრა მთხოვა, დავეთანხმე. არ ვიცი, ეს რა იყო - ამ ადამიანის მიმართ არასოდეს იოტისოდენა ინტერესიც კი არ მქონია. ამდენი წლის ჯიუტ დევნას ჩემს ფსიქიკაზე უკვალოდ არ ჩაუვლია და მასთან შეხვედრის მიზეზი ალბათ ამ ყველაფრის გარკვევის სურვილი იყო.

შეხვედრა გარეთ, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ უცებ დამირეკა და მითხრა, რომ სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და მახლობლად მდებარე კორპუსის მისამართი მომცა. დავურეკე, რომ მის კორპუსთან ვიყავი, მაგრამ ახლა სართული დამისახელა, რომელზეც უნდა ავსულიყავი. შიშის გრძნობა არ მქონია, არც მიფიქრია, რომ მასთან ასვლა შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი ყოფილიყო. თავიდანვე ვერ განვსაზღვრე, რომ ეს დაჟინებული ადევნებები ცუდის მომასწავებელი იყო. ამიტომ, დასახელებულ სართულზეც ავედი. სახლში შესულმა ფოტოალბომი მომაჩეჩა და მითხრა, რომ სულ მალე მზად იქნებოდა და კაფეში გავიდოდით.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ დღეს, ჩემი დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, გამაუპატიურა. როგორც აღმოჩნდა, სახლში ჩაკეტილიც ვყავდი. გარეთ მხოლოდ ჩემი დაჟინებული და ისტერიული მოთხოვნის შემდეგ გამიშვა - არა იმიტომ, რომ ჩემს მდგომარეობაზე დარდობდა, არამედ იმიტომ, რომ შეეშინდა. მოასწრო და იმაზეც გასაგებად მიმანიშნა, რომ ამის შესახებ არ უნდა მელაპარაკა. ამ ამბიდან მხოლოდ 11 წლის შემდეგ ვნახე. ისევ ამედევნა, გარკვეულ მანძილზე გამომყვა.

წლების მანძილზე, წინა ხელისუფლების დროს, ეს ადამიანი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მას არც ამჟამინდელი ხელისუფლება „უწყრება“ და ახლაც გავლენიანი პირია. მას ყოველთვის ეგონა და დღემდე ჰგონია, რომ იმ ყველაფრის უფლება აქვს, რაც ჩემ მიმართ წლების მანძილზე ჩაუდენია. იგი ამას ძალიან მარტივად აღიქვამს: ამაში არაფერი არ „ტეხავს“, შეუძლია, ნებისმიერ ქალს აედევნოს და შემდეგ რაღაც ინტრიგები ჩაუხლართოს, თავისი მაჩოური მიხრა-მოხრა აჩვენოს... არადა, ერთი შეხედვით, ეს ამბავი სრულიად უწყინრად დაიწყო - ქუჩაში დისტანციურად ადევნებით. პირადად მე, ძალიან ბევრი წლის მანძილზე, ამ ამბის შესახებ არავისთან ხმა არ ამომიღია. დიდი ტრავმა იყო, მაგრამ მასთან გამკლავება საკუთარი ძალებით შევძელი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 2001-ში, 2003-ში და 2015-შიც ერთსა და იმავეს აკეთებს - უკან დაგყვებათ ან გზაზე გხვდებათ და გამუდმებით გითვალთვალებთ.

ამ ფაქტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი მძიმე პრობლემა იყო. მივხვდი, რომ ჩემნაირად, ამ თვალთვალ-ადევნებებით ძალიან ბევრი გოგო შეიძლება შეწუხებულიყო და არა მხოლოდ უბრალოდ შეწუხებულიყო - ასეთ მოვლენებს ხომ გამოვლინების უამრავი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. სრულიად ადვილი შესაძლებელია, რომ ამგვარი შემთხვევის შედეგად, შეწინააღმდეგების შემთხვევაში, მსხვერპლის სიცოცხლეც შეეწიროს…

ნათია ხარატიშვილი, 30 წლის."


სკანდალური აღიარება - "გამაუპატიურა, სახლში ჩაკეტილიც ვყავდი..."



ავტორი: ე.დიასამიძე
სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა