თეგებით ძიება
20. 11. 2017 News-ები

ქართველი ექიმი, რომელიც ნიუ-იორკში საკუთარი სამედიცინო ცენტრის მფლობელია

ქართველი პედიატრი მარიამ მაჩაბელი უკვე ოცი წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და დღეს, საკუთარი სამედიცინო ცენტრის მფლობელია. თუ რა გზა გაიარა მანამდე და როგორ მიაღწია წარმატებას, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ TIA.ge პირადად ეწვია:

-ქალბატონო მარიამ, როდის ჩახვედით აშშ-ში და როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება თავდაპირველად?
-ამერიკაში 1997 წლის 24 აპრილს ჩამოვედი. როგორც რიგითმა ახალმა ემიგრანტმა, ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივად, არავისგან განსხვავებულად დავიწყე, მაგრამ მქონდა კონკრეტული გეგმა და მიზანი, რომ გავმხდარიყავი ექიმი და ჩემი პროფესიით გამეგრძელებინა მუშაობა. ამისთვის თავს არ ვზოგავდი და ბევრს ვშრომობდი.

-დღეს, საკუთარი სამედიცინო ცენტრის მფლობელი ბრძანდებით, რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში?
-სირთულეები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ დევიზი „მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“ იმდენად დომინირებდა ჩემში, რომ მათი გადალახვა არ გამჭირვებია, მითუმეტეს, გვერდში მედგნენ როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი მეგობრები და მათ შორის, ყველაზე დიდი მეგობარი და ცხოვრების ერთგული თანამგზავრი რომან მაჩაბელი.

-როგორ შეაფასებდით თქვენს მიერ განვლილ გზას საქართველოდან ამერიკამდე?
-ჩემს მიერ განვლილ გზას ძალიან დადებითად შევაფასებდი, როგორც საქართველოში ასევე ამერიკაში. იყო აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდები. ცხოვრება კარდიოგრამას ჰგავს, ხან ადიხარ, ხან ჩადიხარ. ესეიგი ცოცხალი ხარ. სწორი ხაზი გაჩერებას ნიშნავს და სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

-გვიამბეთ სამედიცინო ცენტრის შესახებ. რა მომსახურებას უწევს პაციენტებს და რა შეღავათები აქვთ მათ თქვენს კლინიკაში?
-გვაქვს თითქმის ყველა სახის მომსახურება. მათ, ვინც არ სარგებლობს დაზღვევით ან დოკუმენტაციის მომზადების პროცესშია, ცენტრი შეღავათიან ფასებში ემსახურება. ახალშობილებს ვეხმარებით უფასო საკვებით და მედიკამენტებით. ასევე ოფისში ხელმისაწვდომია თერაპევტი მოზრდილთათვის და ასაკით დიდებისთვის.

-ქართველი პაციენტები თუ გყავთ და რითი განსხვავდებიან დანარჩენი პაციენტებისგან?
-საკმაოდ ბევრი ქართველი პაციენტი გვყავს ოფისში, თუმცა ჩემთვის, ყველა პაციენტი ერთია და მათ ვერასოდეს განვასხვავებ. არც იმას დავმალავ, რომ როცა ქართველს ვხედავ, სიტყვა „ჩემიანი“ მაინც არსებობს.

-ამერიკულ სამედიცინო სფეროში მოღვაწეობთ. საინტერესო პრაქტიკას ან შემთხვევას ხომ ვერ გამოარჩევდით?
-რეზიდენტურა გავიარე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საავადმყოფოში „The Mount Sinai Hospital”. იქ ყოფნის დროს, ჩემმა კოლეგამ მკითხა: „ეს გუშინდელი ჩამოსული ემიგრანტი ასეთ პრესტიჟულ საავადმყოფოში როგორ მოხვდიო?“ მე ვუპასუხე: „ქართველები ძალიან ჭკვიანი და მებრძოლი ერი ვართ, ჩვენთვის შეუძლებელი არაფერიათქო“! მართლაც მინდა, რომ ყველა ქართველ ემიგრანტს ვუთხრა, თუ ძალიან მოვინდომებთ, უცხო ქვეყანაშიც ყველაფერი გამოგვივა.

-ხომ არ აპირებთ ამერიკული პროფესიული გამოცდილება საქართველოშიც ჩაიტანოთ და ქართველ კოლეგებსაც გაუზიაროთ?
-ეს ერთადერთი აუხდენელი ოცნებაა, რაზეც გული მწყდება. მინდა, ყოველ წელს ჩავიდე საქართველოში და ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.

-როგორ ცხოვრობს მარიამ მაჩაბელი დღეს ამერიკაში და როგორ ერწყმის მისი ქართული კულტურა უცხოს?
-ვცხოვრობ ფანტასტიურად. მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეგობრები, მაქვს მანჰეტენზე, ერთ-ერთ ულამაზეს და პრესტიჟულ ცათამბჯენში ბინა, მყავს საუკეთესო ავტომობილი და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი. რაც შეეხება უცხო კულტურასთან შერწყმას, ჩემი ოჯახი ქართულ ტრადიციებს მიჰყვება, თუმცა მოგვწონს ამერიკული დღესასწაულებიც და მათაც აღვნიშნავთ.

-სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
-ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს ერთადერთ შვილს უკავშირდება, რომელიც ასევე სამედიცინო სფეროში აპირებს მოღვაწეობას და მინდა, რომ მაქსიმალურად იგრძნოს ჩემგან მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა