რატომ არის ბევრი ხურმის ჭამა სახიფათო?
ალბათ, გსმენიათ ისეთი ცნების შესახებ, როგორიცაა ბეზოარი (უცხო სხეული, რომელიც კუჭში საკვების მოუნელებელი ნარჩენებისაგან, შემთხვევით მოხვედრილი თმისა და ფრჩხილებისაგან წარმოიქმნება. შეიძლება მოახდინოს კუჭის კიბოს სიმულირება)...
მსგავსი რამ შეემთხვა ერთ-ერთ ადამიანს, რომელმაც დიდი რაოდენობის ხურმა მიირთვა - წერს Club Beautiful.
მეტიც, ხურმის მოყვარული ქალბატონი კინაღამ სიცოცხლეს გამოეთხოვა. მის კუჭში წარმოიქმნა უზარმაზარი ზომის გორგალი, რომლის ამოღებისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
90-იან წლებში ისრაელის საავადმყოფოებში გაიზარდა საბჭოთა კავშირიდან ჩასული ემიგრანტების რაოდენობა. დამნაშავე ამ შემთხვევაშიც ხურმა აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ საბჭოთა მოქალაქეები უზომოდ დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ გემრიელ და იაფ ხილს, რომელიც ისრაელის მაღაზიებში იყიდებოდა.
როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში დამნაშავე ტანინია, რომელსაც ხურმის კანი შეიცავს. ეს გახლავთ მცენარეული წარმოშობის ნივთიერება, რომელსაც ჟელესმაგვარი ნივთიერების წარმოქმნისა და მისი კოლტებად შეკვრის უნარი გააჩნია.
ჟელე ცილისა და ბოჭკოსგან შედგება, მაგრამ დროთა განმავლობაში, სითხე შრება და ჟელე მყარდება. შესაძლოა, გამაგრებული ჟელეს გორგალი კუჭიდან გამოვიდეს და გაუვალობა გამოიწვიოს ან კუჭში დარჩეს და ბეზოარის მიზეზი გახდეს.
ზემოთ თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ სასარგებლო ხილზე, რომელიც უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე და კიბოს ებრძვის, მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა.
ექიმები გვირჩევენ, რომ დღეში ორ ხურმაზე მეტი არ მივირთვათ. სანამ საკვებად გამოიყენებდეთ, სასურველია, ხურმა სამი დღით საყინულეში მოათავსოთ. ეს შეამცირებს ტანინების რაოდენობას და გააუმჯობესებს ხურმის გემოს.
დიდი რაოდენობით ხურმის მირთმევა განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც კუჭის ან ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა.