თეგებით ძიება

როგორ უნდა ვიკვებოთ კოვიდის დროს - ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დაბალანსებული კვება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა მიიღოს იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭირო ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, ცილები და ანტიოქსიდანტები.

კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი ადამიანი, რომლებთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ბინაზე სიმპტომურად მკურნალობს, საკვებთან დაკავშირებული ეს რეკომენდაციებიც, სწორედ მათთვის არის განკუთვნილი.

რა პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კოვიდის დროს და რას უნდა ერიდოთ? ამ და სხვა კითხვებს კოვიდსასტუმროსა და ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმი თამრიკო ბერიძე პასუხობს.

- ქალბატონო თამრიკო, რა უნდა გამოვრიცხოთ და რა უნდა დავამატოთ მენიუს კოვიდის დროს?

- თუ ქრონიკული დაავადებები არ აქვს კოვიდპაციენტს, ყველაფრის ჭამა შეუძლია. განსაკუთრებით სასურველია მიირთვას ხილი და ის საკვები, რაშიც ბევრი ვიტამინია.

პირველ რიგში კოვიდპაციენტმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე, დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 2.5-3 ლიტრამდეა. სითხეში წყლის გარდა იგულისხმება ცოცხალი ხილის წვენები და ჩაი. სითხის მიღება ერთიანად ან ჭიქებით არ არის საჭირო, მოიდგით გვერდით და ნელ-ნელა დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

კოვიდის დროს უნდა ვერიდოთ ცხიმიან საკვებს, ხოლო იმ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ გულისრევის შეგრძნება და ფაღარათი, ასევე პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭის წყლული და ა.შ.) ცხიმიანი საკვები საერთოდ უნდა ამოიღონ კვების რაციონიდან, რათა თავიდან აიცილონ კუჭნაწლავის პრობლემების განვითარება.

თუ ანტიბიოტიკებს იღებს პაციენტი, ამ დროს ისეც ჩნდება კუჭნაწლავის პრობლემები (ვითარდება დისბაქტერიოზი), პაციენტს აქვს ფაღარათი/დიარეა, ამიტომაც არის ცხიმიანი საკვები გამოსარიცხი რაციონიდან.

ჯანმო: მიიღეთ ჯანსაღი ცხიმი, რომელიც გვხვდება ავოკადოში, კაკალში, ზეითუნის ზეთში, სოიოში, მზესუმზირის და სიმინდის ზეთებში. მოერიდეთ ცხიმებს ხორცპროდუქტებში, ფასტფუდში, სასუსნავებში, შემწვარ საკვებში, გაყინულ პიცაში, ღვეზლებში, ფუნთუშებში, მარგარინებსა და სპრედებში.

- ბევრი პაციენტი ცდილობს მიიღოს ლიმონიანი წყალი ან უბრალოდ ლიმონი კოვიდის დროს სისხლის გასათხელებლად. ეს რეალურად მუშაობს?

- პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის შედედების მაღალი მაჩვენებელი, ექიმი უნიშნავს შესაბამის მკურნალობას.

მსუბუქ კოვიდპაციენტებს, რომლებიც შინ მკურნალობენ, შეუძლიათ ლიმონის მიღება, რადგან ნამდვილად, კოვიდის დროს პროთრომბინის ინდექსი იზრდება, ანუ სისხლის ელემენტებს შედედების უნარი აქვთ უფრო მეტი, ამიტომ ლიმონიანი ჩაი, ლიმონიანი წყალი და თავად ლიმონის ჩართვა ყოველდღიურ რაციონში რეკომენდებულია. ლიმონი და ციტრუსი კოვიდპაციენტებისთვის სასარგებლოა, იმუნიტეტის გაძლიერების მხრივ, C ვიტამინის შემცველობის გამოც.

ჯანმო: წყლის გარდა შეგიძლიათ მიიღოთ სხვა სასმელები, მაგალითად, წყალში გაზავებული ლიმონის წვენი შაქრის გარეშე, ასევე ჩაი და ყავა. მოერიდეთ ბევრ კოფეინს და ხილის ტკბილ წვენებს, სიროფებს, ხილის წვენის კონცენტრატებს, გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ შაქარს. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ბევრ წყალს.

- კიდევ რა ხილია რეკომენდებული?

- ციტრუსები ყველაზე კარგია, რადგან C ვიტამინს შეიცავს დიდი რაოდენობით, მანდარინი, ფორთოხალი… ასევე დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს კივიც. ანემიურად რომ არ წავიდეს დაავადება და ჰემოგლობინი შევინარჩუნოთ, კარგია ბროწეული, ჰემოგლობინისთვის ასევე სასარგებლოა ვაშლი, რომელიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

- რაც შეეხება მათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, იყო მოსაზრება, რომ არ შეიძლება ხილის მიღება დიაბეტიანი კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის. ეს რამდენად მართალია?

- შაქრიანი დიაბეტის დროს ხილის მიღება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ზომიერად. ხილს გააჩნია, ეს შეიძლება იყოს ვაშლი, კივი და ლიმონი. მანდარინი სასურველია შევზღუდოთ.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ იღებენ ხილს, რეკომენდებულია ვიტამინები, კერძოდ C ვიტამინი ცალკე – დრაჟეს სახით ან/და წყალში გასახსნელი ტაბლეტის ფორმით. კოვიდპაციენტებისთვის დღეში ერთხელ ასევე რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება, სასურველია დილის საათებში.

- რამდენად საჭიროა სატურაციის აპარატი კორონავირუსის დროს? რას აჩვენებს სატურაციის აპარატი, როგორ მუშაობს?

- სატურაციის აპარატი, იგივე პულსოქსიმეტრი, პატარა ზომის მოწყობილობაა, რომელიც თითზე მაგრდება. იყიდება აფთიაქებშიც. იგი ზომავს ჟანგბადის რაოდენობას სისხლში, ამით საზღვრავენ როგორ მუშაობს ფილტვები, როგორ მიეწოდება ჟანგბადი ორგანიზმს. თუ სისხლში ჟანგბადის მაჩვენებელი 92-ს ქვემოთ ჩამოსცდა, ეს უკვე საყურადღებოა და ექიმს უნდა შეატყობინოთ, ნორმა არის 99-100, 98-იც შეიძლება იყოს.

პულსი ამ დროს, რა თქმა უნდა, აჩქარებულია, ცნობილია, რომ კორონავირუსი ტაქიკარდიით ანუ აჩქარებით მიმდინარეობს, ამ დროს პულსი 125-130-მდე შეიძლება იყოს. თუ პაციენტს აქვს ჩიყვი, პულსი მომატებულია, პულსი მატულობს სიცხის დროსაც.

წყარო: ბათუმელები


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა