თეგებით ძიება

რატომ გვტკივა მუხლები?

პაციენტს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით უმკურნალია, მაგრამ უნდა ვუთხრათ, რომ ასეთ შემთხვევებში მიდგომა კომპლექსურია და მედიკამენტურთან ერთად საჭიროებს ფიზიოთერაპიულ ჩარევას შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ზოგჯერ საჭიროა სახსარშიგა ინექციების კურსის ჩატარება ან ოპერაციული ჩარევა ართროპლასტიკის (ხელოვნური სახსრის ჩასმის) ჩათვლით. უნდა ითქვას, რომ ხანგრძლივი თვითმკურნალობა ხშირად ხელს უშლის კლინიკური სურათის სრულყოფილ გაშლას, რის გამოც ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულდება, ამიტომ პაციენტს ვურჩევ, დროულად მიაკითხოს სპეციალისტს.


- მაინც რამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლის სახსარში ტკივილი?
- მუხლის სახსრის ტკივილის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ინფექციური (რევმატიზმი, ინფექციური ართრიტები), გენეტიკური, იმუნოლოგიური (სისტემური დაავადებები) ფაქტორები, მეტაბოლური დარღვევები (პოდაგრა, ქონდროკალცინოზი, დიაბეტი), ტრავმა და მიკროტრავმა, ნეიროენდოკრინული დარღვევები, მიკროცირკულაციის მოშლა, - თუმცა ყველაზე ხშირად ამ ჩივილით ოსტეოართროზის მქონე პაციენტები მოგვმართავენ. ეს ის დაავადებაა, ხალხში მარილებს რომ უწოდებენ. დიაგნოზის დასმისას ექიმი ყურადღებას აქცევს: ტკივილის დასაწყისს - მწვავეა, მუდმივი, თანდათანობითი, შეტევითი თუ ყრუ; გავრცელებას - ლოკალურია, წერტილოვანი თუ დიფუზური; ხასიათს - სტარტულია, მექანიკური, მოსვენებისას აღინიშნება, დილით თუ ღამით და ასე შემდეგ; პაციენტის სქესსა და ასაკს; გენეტიკურ დატვირთვას; სხვა დაავადების (ტუბერკულოზი, დიაბეტი, ინფექციური ან ვენერული დაავადებები) თანაარსებობას; დაზიანების სიმეტრიულობას.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს ცალი მუხლის ტკივილი?
- ცალი მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმულმა დაზიანებამ, გონართროზმა, პოდაგრამ, რეაქტიულმა ართრიტმა, რეიტერის დაავადებამ, ინფექციურმა (მაგალითად, სიფილისურმა ტუბერკულოზურმა) ართრიტმა და სხვა. თავდაპირველად უნდა დადგინდეს ტკივილის კავშირი ტრავმასთან, უხერხულ მოძრაობასთან - ასეთ დროს ხშირად ზიანდება მუხლის იოგოვანი აპარატი, მისი ხრტილოვანი ამორტიზატორი - მენისკი. ამგვარი დაზიანებისას პაციენტი ხშირად უჩივის სახსრის ჩაკეტვას (მენისკის გაგლეჯა) ან არასტაბილურობის შეგრძნებას, როცა მუხლზე დაყრდნობისას ფეხი "თითქოს სადღაც გარბის" და პაციენტს მუხლი ეკვეთება (იოგების დაზიანება). არის შემთხვევები, როცა პაციენტი ტრავმას ვერც იხსენებს. გარდა ტრავმისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიკროტრავმატიზაცია ანუ სახსრის მექანიკური გადატვირთვაც. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხშირი დატვირთვა სიმძიმით, რაც გულისხმობს თვით პაციენტის ჭარბ წონას, მძიმე ფიზიკურ შრომას ან მუშაობისას ერთი და იმავე მოძრაობის შესრულებას (მაგალითად, ჩამუხლვას, რაც ზოგიერთი პროფესიის მქონე პირებისთვის აუცილებელია). გასათვალისწინებელია ასევე ძვლების სასახსრე ზედაპირების თანდაყოლილი არაკონგრუენტულობა - ჰიპერმობილობის სინდრომი, რომელიც სახსრების ნაადრევ ცვეთას განაპირობებს. ეს მოვლენა შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც გამოიწვიოს. როგორც ცნობილია, ტერფზე სხეულის მასის გადანაწილება ზუსტად განსაზღვრულ, ორთოსტატიკულად ხელსაყრელ წერტილებში ხდება, ბრტყელტერფიანობის დროს კი წონასწორობის შესანარჩუნებლად ეს წერტილები გადაადგილდება, რაც არღვევს სიმძიმის სწორ გადანაწილებას ქვემო კიდურებისა და ხერხემლის სახსრებში. ეს ზრდის ხახუნს შესაბამის სასახსრე ზედაპირებზე და იწყება სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების ნაადრევი ცვეთა, სასახსრე ნაპრალის შევიწროება, ანთება, რაც საბოლოოდ ტკივილით ვლინდება. სასახსრე ხრტილის ცვეთასთან დაკავშირებული ტკივილები უმეტესად სტარტული ხასიათისაა, ძლიერდება კიბეზე ასვლა-ჩასვლის, ადგომა-დაჯდომის, ფიზიკური დატვირთვის დროს. თანდათანობით სახსარში მოძრაობა იზღუდება, სახსრები დეფიგურაცია-დეფორმაციას განიცდის, რაც გამოწვეულია სახსრის ირგვლივი ქსოვილების ანთებით-ინფილტრაციული დაზიანებით, სასახსრე ღრუსა და მის ჯიბეებში ანთებითი გამონაჟონის დაგროვებით. ყოველივე ამან შესაძლოა ადამიანი საბოლოოდ შრომისუუნაროც კი გახადოს. მუხლების ტკივილი შესაძლოა სიმეტრიული არ იყოს, ცალმხრივი დაზიანებით მიმდინარეობდეს, თუმცა დროთა განმავლობაში მოსალოდნელია ანთებით პროცესში პარალელური სახსრის ჩართვა დაზიანებული სახსრის დაზოგვისა და ჯანმრთელი სახსრის წონითი გადატვირთვის გამო. გარდა დეგენერაციული დაზიანებისა და ტრავმისა, ცალი მუხლის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს მეტაბოლურმა დარღვევებმაც. მაგალითად, პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება პოდაგრული ართრიტი, რომელსაც ახასიათებს მწვავე შეტევითი ტკივილი და ანთების ნიშნების (შეშუპება, სიწითლე, ტემპერატურული რეაქცია) მკვეთრი გამოხატვა. ამ პათოლოგიას უმთავრესად შუახნის მამაკაცებში ვხვდებით. ხშირად აღინიშნება კავშირი ალკოჰოლით დატვირთვასთან, პურინებით მდიდარი სხვა პროდუქტის მიღებასთან. ანთებითი და ინფექციური გენეზის ართრიტებიდან მუხლის სახსრის ტკივილი, უმეტესად ასიმეტრიული დაზიანებით, ახასიათებს რეიტერის დაავადებას, იერსინიოზულ და სხვა რეაქტიულ ართრიტებს. რეიტერის დაავადებისთვის ტიპურია თვალისა და შარდსადენის ლორწოვანის ანთებითი დაზიანება, წელის ტკივილი, გულის ფრიალი. იერსინიოზულ ართროპათიას წინ უძღვის ხანგრძლივი დიარეა. სხვა რეაქტიული (მათ შორის - ბრუცელოზური, გონოკოკური) ართრიტების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველგვარი ვირუსული, სოკოვანი თუ ინფექციური დაავადება, რომელიც კი წინ უძღოდა სახსროვან გამოვლინებებს. ტუბერკულოზური და სიფილისური დაზიანებისას სახსრები, ნაცვლად მოძრაობის შეზღუდვისა, ჰიპერმობილურია. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ანამნეზს და შესაბამის სპეციფიკურ გამოკვლევებს ენიჭება.


- რომელ დაავადებებს ახასიათებს ორივე მუხლის ტკივილი?
- ორივე მუხლის ტკივილი უმეტესად რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, სარკოიდოზის, კრონის დაავადების, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, ვასკულიტებისა და სხვა სისტემური რევმატული დაავადებების დროს ვითარდება. ამ დაავადებათა გამოვლინება საკმაოდ პოლიმორფულია, ამიტომ დიაგნოზი მრავალ სხვა ნიშანსაც ეფუძნება.


- ახასიათებს თუ არა თქვენ მიერ ჩამოთვლილ დაავადებებს მუხლის სახსრის შესივება, შეწითლება და ტემპერატურული რეაქცია?
- მუხლის სახსრის ტკივილთან ერთად შესივება, შეწითლება და ტემპერატურული რეაქცია ვითარდება ისეთი მწვავე ანთებითი პათოლოგიების დროს, როგორიც არის პოდაგრა, ფსორიაზული ართრიტი, ართროზართრიტი, ინფექციური ართრიტები, სისტემური დაავადებებით გამოწვეული ართრიტები და სხვა, თუმცა ზოგიერთი რევმატული დაავადების, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის, რევმატიზმის, სისტემური წითელი მგლურას დროს ზემოაღნიშნული სიმპტომატიკის არსებობა აუცილებელი არ არის. უნდა ითქვას ისიც, რომ რევმატოლოგიაში მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები თითქმის არ არსებობს. დაზიანების საწყის სტადიაში დიაგნოზი ხშირად სავარაუდოა და კლინიკური სურათის სრულ გამოვლენამდე შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.




Mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა