რას ნიშნავს კვებითი აშლილობა და რა სიმპტომები აქვს მას
კვებით აშლილობას, იმავე კვების ქცევით დარღვევას საკვებისადმი ქრონიკული არაჯანსაღი დამოკიდებულება იწვევს. ამის მიზეზი კი საკუთარი სხეულის დამახინჯებული აღქმაა. ეს არის სერიოზული დარღვევა, რომელიც სიკვდილს უფრო ხშირად იწვევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფსიქიკური აშლილობა. კვების ქცევითი დარღვევის რამდენიმე ტიპი არსებობს. ზოგიერთი მათგანი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში შედის, ზოგი კი - არა, თუმცა სამედიცინო საზოგადოება მათ მაინც აღიარებს.
ნერვული ანორექსია
კვებითი აშლილობის ამ ფორმის დროს ადამიანი საკუთარ სხეულს დამახინჯებულად აღიქვამს. მას წონის მომატების ძალიან ეშინია, ამიტომაც შიმშილობს. ის უკიდურესად დაბალკალორიულ დიეტას იცავს, ბევრს ვარჯიშობს და ცდილობს, წონაში სხვა საშუალებების დახმარებით (მაგალითად, წამლები) არ მოიმატოს. ამ ყველაფრის შედეგად კი, ადამიანს ნორმალური წონის შეინარჩუნება არ შეუძლია და მის დეფიციტს განიცდის.
ბულიმია
ბულიმიით დაავადებული ადამიანიც ძალიან წუხს საკუთარ წონასა და სხეულზე. ამავდროულად, მას აქვს დიდი რაოდენობით საკვების უკონტროლოდ მიღების ეპიზოდები, რომელსაც "უკან ამოღების" პრინციპი ახლავს. ეს გულისხმობს ღებინებას, საფაღარათო საშუალებების მიღება, ფიზიკურ დატვირთვას (ამ უკანასკნელს სპორტულ ბულიმიასაც უწოდებენ).
კომპულსიური გადაჭარბებული კვება
კომპულსიური გადაჭარბებული კვების დროს, „უკან ამოღების“ პრინციპი არ მუშაობს. თუმცა ამას შეიძლება თან ახლდეს ემოციური განცდები. მაგალითად, დანაშაულის, შფოთვის ან სირცხვილის შეგრძნება.
ორთორექსია
ორთორექსიას სწორი კვების აკვიატებული სურვილი ახასიათებს. ამ შემთხვევაში ადამიანს საკვების არჩევისას მკვეთრად გამოხატული უარყოფითი ემოციური შეგრძნებები უჩნდება, რადგან მას არაჯანსაღად აღიქვამს და უკიდურესად შეზღუდულ რაციონს იღებს. ანორექსიისგან განსხვავებით, აქ წონაში კლება განიხილება როგორც იდეალური ჯანმრთელობის წინაპირობა და არა ძირითადი მიზანი.
ღამის კვების სინდრომი
ამ სინდრომის შემთხვევაში ადამიანი ღამის საათებში გაღვიძების დროს რეგულარულად ჭამს ან ვახშამზე იღებს ჭარბი რაოდენობის საკვებს. ამავდროულად, ეს დღის საერთო რაციონის, სულ ცოტა, მეოთხედს შეადგენს.
დრანკორქსია
ამ შემთხვევაში, ადამიანი ბევრ ალკოჰოლს მოიხმარს და ამავდროულად, მიღებული საკვების რაოდენობას განზრახ ამცირებს. ის ხელოვნურად იწვევს ღებინებას და დარბაზში ვარჯიშით იხვითქება.
რა სიმპტომები ახასიათებს კვებით აშლილობას?
კვების ქცევითი დარღვევის, იმავე კვებითი აშლილობის ნებისმიერი ფორმის ორი ძირითადი კომპონენტია: საკუთარი სხეულის დარღვეული აღქმა (შესაძლოა, სხვა ადამიანების სხეულისაც) და ამის გამო საკვებისადმი შეცვლილი დამოკიდებულება. კვების ქცევითი დარღვევის მანიშნებელი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
- როდესაც ადამიანი ბევრს საუბრობს თავის ფიგურაზე ("მსუქანი ვარ", "მახინჯი ვარ", "გავსუქდი, სასწრაფოდ წონაში უნდა დავიკლო" და სხვ. ), სხვა ადამიანების წონაზე („ასეთი ფიგურით ამგვარ ტანსაცმელს არასდროს ჩავიცვამდი”) ან საერთოდ არაფერს ამბობს;
- როდესაც ადამიანი თავს არიდებს ახალი ტანსაცმლის შეძენას, ყიდულობს დიდი ზომის ტანისამოსს და სილუეტს მაქსიმალურად მალავს;
- როდესაც ადამიანი ბევრს საუბრობს "არაჯანსაღ" საკვებსა და მის საშიშროებაზე, მოუწოდებს მთელ ოჯახს დიეტა დაიცვან და შესამჩნევად ზღუდავს ულუფას;
- როდესაც ადამიანს შეზღუდვების ფონზე აქვს „აფეთქებები“, რაც მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით საკვების მიღებას გულისხმობს (თუმცა ამ სიტუაციაში მათი დანახვა რთულია, რადგან იმალებიან). ამის შემდეგ ის ტუალეტში გარბის, რათა ღებინება ხელოვნურად გამოიწვიოს ან მოულოდნელად სპორტულ დარბაზში ვარჯიშს გადაწყვეტს.
- ღამე ხშირად ჭამს;
- ბევრ ალკოჰოლს სვამს და თითქმის არაფერს ჭამს.
რა თქმა უნდა, კვებითი აშლილობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა ძალიან ინდივიდუალურია და ის შეიძლება სხვადასხვა კომბინაციით იყოს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ზოგიერთი სიმპტომის შემჩნევა ძალიან რთულია, რადგან სიგამხდრის კულტი და ეგრეთ წოდებული ფეტფობია (ჭარბი წონის შიში) დასავლურ ცივილიზაციაში ძალიან არის გავრცელებული (სწორედ ეს არის კვების ქცევითი დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი).
როგორ უნდა დავეხმაროთ კვებითი აშლილობის მქონე ადამიანს?
ეცადეთ დაელაპარაკოთ, თუმცა მაქსიმალურად დელიკატური უნდა იყოთ. მსგავსი დიალოგის დროს კვების ქცევითი დარღვევების ამერიკის ნაციონალური ასოციაცია გვირჩევს:
- შეარჩიეთ შესაფერისი დრო და ადგილი; დარწმუნდით, რომ თქვენს დიალოგს არავინ უსმენს და გარემოც უსაფრთხოა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამსახური, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად თავყრილობა მსგავსი დიალოგისთვის ნამდვილად არ გამოდგება. არავის სურს პირადი პრობლემები ფართო საზოგადოებაში განიხილოს. შესაბამისად, საუბარი უბრალოდ წარმატებული ვერ იქნება.
- საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ გაიარეთ რეპეტიცია, რისი თქმა გსურთ. შეეცადეთ გვერდიდან მოისმინოთ თქვენი სიტყვები, იქნებ ისინი ძალიან მკაცრად ჟღერს.
- გამოიყენეთ „მე-გამონათქვამები“- "მე ვფიქრობ...", "მე შევამჩნიე, რომ ცოტას ჭამ...", "მე ვღელავ იმაზე, რომ სპორტულ დარბაზში ძალიან ხშირად დადიხარ..."; მოერიდეთ ბრალდების ტონს, ისაუბრეთ ფაქტებით - "მე ვნახე, რომ ჭამის შემდეგ სააბაზანოში გაიქეცი და ეს მაწუხებს ...".
- შეახსენეთ, რომ კვების ქცევითი დარღვევა ან სხვა ფსიქიკური აშლილობა სირცხვილი არ არის.
ამ დროს რა არ უნდა გავაკეთო?
- ნუ დააკნინებთ მის პრობლემას. მაგალითად - ”ეს არ არის ნამდვილი დაავადება, ეს მხოლოდ შენს თავშია ...”, ”უბრალოდ ჭამე ჩვეულებრივად და მორჩა ...”, ”აფრიკაში ბავშვები შიმშილობენ და შენ...”.
- არ გააკეთოთ კომენტარი ადამიანის წონაზე ან გარეგნობაზე. ეს მხოლოდ გაზრდის თქვენ შორის დისტანციას. მაგალითად - ”სინამდვილეში, ძალიან გამხდარი ხარ”, ”დიახ, შენ მშვენიერი ფიგურა გაქვს!”, ”კი, ცოტა უნდა დაიკლო, მაგრამ არა ასეთი მეთოდებით...”.
- ნუ ეცდებით, ყურადღება მის ფსიქიკურ აშლილობაზე გაამახვილოთ. მაგალითად, ”შენ გაგიჟდი?!”, ”სასწრაფოდ ფსიქიატრიულში ხარ წასაყვანი!”.
შესაბამისად, თუ თქვენს ახლობელს კვებითი აშლილობა აქვს, ძალიან დიდი ნებისყოფა და მოთმინება გჭირდებათ. თუმცა, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და ემოციურ მდგომარეობას გაუფრთხილდით. ამისათვის კი აუცილებელია გარკვეული ზღვარი გაავლოთ. გახსოვდეთ, რომ ვერავის დაეხმარებით, თუ თავად გადაღლილი და დათრგუნული იქნებით.