თეგებით ძიება

საფრთხე, რომელიც სწრაფ სუფებსა და ატრიებშია

ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურად, თითქმის ყოველდღიურად იყენებს სწრაფი მომზადების სუფებსა და ატრიებს (ე.წ. ლაფშას), განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ და ზოგიერთი მოზარდი საკუთარი ინიციატივითაც კი ყიდულობს და მშრალადაც კი მიირთმევენ თურმე. მიზეზი მისი პოპულარობისა, გარდა იმისა, რომ იაფია და სწრაფად მზადდება, განსაკუთრებული გემოვნური თვისებებია - რაზეც მწარმოებლებმა კარგად იზრუნეს და ფაქტობრივად, მიიზიდეს მომხმარებლები. თუმცა რა იმალება ამ გემოების უკან, ეგ ცალკე თემაა, ძალიან დამაფიქრებელი და
საგანგაშოც კი მათთვის, ვინც ხშირად მოიხმარს ამ პროდუქტს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში პირველად შექმნეს სწრაფი მომზადების ატრია, მისი ავტორი კი ანდო მომოფუკი გახდა. მიზანი ის გახლდათ, რომ ომებისგან დაუძლურებული და გაღარიბებული მცხოვრებლები გამოეკვება. ატრია იმდენად გემრიელი და სწრაფი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ აზიური ქვეყნების ბაზარი მალე დაიპყრო, მერე კი - მთელი მსოფლიოც. ამომავალი მზის ქვეყანაში მას ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოგონებად მიიჩნევენ. სულ მალე მისი წარმოება სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს.

რისგან მზადდება და რატომ მზადდება რამდენიმე წუთში?

მზადდება ისევე, როგორც ყველა მაკარონეული, წყლისგან და ხორბლის ფქვილისგან. პროდუქტს განსაკუთრებულობა ის არის, რომ ატრიაში ამატებენ სახამებელს, კვერცხის ფხვნილს და შემასქელებელს. სწრაფი მომზადების საიდუმლო კი განსაკუთრებული ტექნოლოგიური პროცესია. საქმე ისაა, რომ თერმული დამუშავების პირველ ეტაპზე ას გრადუს ტემპერატურაზე ატრიას ხუთი წუთით ორთქლში ატარებენ. ეს აძლევს საშუალებას პროდუქტს, რომ ფორმა შეინარჩუნოს და უფრო დიდხანს იყოს შესაძლებელი მისი შენახვა. შემდეგ ზეთში ავლებენ, რომ სახამებლის ნარჩენები მოაცილონ. ჭრან ბრიკეტებად და ისევ თერმულად ამუშავებენ. ტემპერატურა უკვე 150 გრადუსია და 4 წუთი ამუშავებენ ასე, ცხიმთან ერთად, ფრიტიურში.

სოუსი მზადდება წყლის, ზეთის, სახამებლის, კონსერვანტების, გემოს გამაძლიერებლებისა და სტაბილიზატორების ნაზავით. განსაკუთრებულად მუშავდება ბოსტნეული ისე, რომ ცხელ წყალთან კონტაქტისას პირვანდელი ფორმა და გემოვნური თვისებები აღიდგინოს. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი, არც ისე ახლოს დგას სიჯანსაღესა და სარგებლიანობასთან.

შემადგენლობაში, ზემოხსენებული არომატიზატორების, გემოს გამაძლიერებლების (რიბოტიდი, ნატრიუმის გლუტამატი), სტაბილიზატორების გარდა ასევე ყურადღებას იპყრობს პალმის ზეთი, რომლის მავნებლობის შესახებ არაერთხელ თქმულა. ხორცის ნაცვლადაც უფრო ხშირად სოიოს ფარშია გამოყენებული.

შემადგენლობის გაცნობის შემდეგ ყველა ხვდება, რომ პროდუქტში ბევრი მავნე ნივთიერებაა. პალმის ზეთს და ნატრიუმის გლუტამატს რომ ვკითხულობთ, ეს უკვე საკმარისია. ხოლო ცხიმში დამუშავების ეტაპზე ტრანსცხიმები წარმოიქმნება, რაც საკმაოდ მავნეა ორგანიზმისთვის. შესაბამისად, ხშირად და მით უმეტეს - ყოველდღე მისი მოხმარება, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

გარდა ამისა, გამოირჩევა მაღალი გლიკემიური ინდექსით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ნივთიერებების გახლეჩის მაღალი სიჩქარით ხასიათდება, რაც შედეგად შიმშილის შეგრძნებას იწვევს. კალორიულობაც საკმაოდ მაღალია - 100 გრამ პროდუქტზე 400 კილოკალორია, რაც წონის სწრაფ კრეფას ნიშნავს. ტრანსცხიმები არღვევენ უჯრედების მემბრანის მეშვეობით სასარგებლო ნივთიერებების ტრანსპორტირებას, ასევე ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის განვითარებას. მომატებული ქოლესტერინი იწვევს ინსულტსა და ინფარქტს - პალმის ზეთი კი ხელს უწყობს ამ მაჩვენებლის გაზრდას. პროდუქტში ასევე დიდი რაოდენობით არის მარილი, რაც ორგანიზმში სითხეს აყოვნებს და არტერიული წნევის მატებას უწყობს ხელს. ნატრიუმის გლუტამატი იწვევს ალერგიებს, გემოს გამაძლიერებლების დიდი დოზა კი ონკოლოგიური დაავადებების და ათეროსკლეროზის წარმოშობის რისკს ზრდის. შესაბამისად, პროდუქტს ფაქტობრივად, არანაირი სარგებელი არ აქვს, მხოლოდ მავნეა.

შემდეგი ეტაპია ატრიის გაგრილება 30 გრადუსამდე, შემოწმება და შემდეგ მშრალი ბოსტნეულის, სუნელების, სოუსების თუ ბულიონების დამატება, რეცეპტის მიხედვით.

"მოდით, პირველ რიგში, განვიხილოთ, რა არის სწრაფი მომზადების სუფი? თავისთავად ცხადია, პროდუქტი, რომელსაც მხოლოდ ცხელი წყალი უნდა დაასხათ, მცირე ხნით დააყოვნოთ და მოურიოთ, ნიშნავს, რომ სანამ თქვენამდე მოვიდოდა, უკვე დაამუშავეს თერმულადაც და ქიმიურადაც. დამუშავების პროცესში პროდუქტი იღებს საბოლოო ტექსტურასა და გემოს.
მართალია, პროდუქტის შეფუთავზე ჩამოთვლილია სხვადასხვა სასარგებლო ბოსტნეული, ხორცი, თუმცა ქიმიური და რამდენიმე სახის თერმული დამუშავების პროცესში მათში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი სრულად იშლება და პრაქტიკულად მხოლოდ სრულიად უსარგებლო კალორიები გრჩებათ, რაც პირდაპირ კავშირშია გასუქებასთან.
პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ატრია (ლაფშა) წარმოების პროცესში ითვალისწინებს წინასწარ "ფრიტიურში" დამუშავებას, მრავალჯერადი წვის დროს წარმოქმნილი პროდუქტები კი ხშირად შეიცვენ მავნე ნივთიერებებს, მათ შორის კანცეროგენებს. სწრაფი მომზადების სუფები ხშირად შეიცავენ პალმის ზეთს, რომლის ხშირი მოხმარება ათეროსკლეროზის რისკს ქმნის, ხოლო მაშინ, როცა ის ნახევრად რაფინირებულია, სიმსივნური დაავადების გამოწვევი ხდება.
სწრაფი მომზადების სუფებს წარმოების პროცესში ემატება გემოს გამაძლიერებლები და კონსერვანტები.

ერთ-ერთი კონსერვანტი მარილია, რომელსაც ეს პროდუქტები დასაშვებზე უფრო დიდი რაოდენობით შეიცავას. ჭარბი მარილის მოხმარება კი პირდაპირ კავშირშია ნატრიუმის ბალანსის დარღვევასთან და სისხლის წნევის მატებასთან.
მარილი არ არის ერთადერთი კონსერვანტი. გამოიყენება აგრეთევ ემულგირებული ცხიმოვანი ფხვნილები, შაქარი, გუარის ფისი და სხვა შემსაქელებელები.

მონოსოდიუმ გლუტამატი გამოიყენება, როგორც გემოს გამაძლიერებელი. ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტო ზოგადად არ მიიჩნევს ამ ნივთიერებას საფრთხის შემცველად, თუმცა მიიჩნევს, რომ მის შესახებ პროდუქტის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რადგან იშვიათად მაინც არსებობს ამ ნივთიერებაზე გამოხატული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

მშრალ სუფებს აქვთ მაღალი გლიკემიური ინდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად ხდება მათში შემავალი ნივთიერებების დაშლა და გლუკოზად გარდაქმნა, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას, ასევე შიმშილის მალე აღმოცენებას. ხშირი მოხმრება ქმნის შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს.

ამავდროულად, სწრაფი მომზადების სუფი შეიცავს შემასქელებლებს, უხშირესად სახამებელს, რაც ორგანიზმში იშლება მარტივ ნახშრწყლებად, რაც ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში.

წარმოების პროცესში ხშირად უმატებენ ტრანსცხიმებსაც, რაც სიმსივნური დაავადებების განვითარების ხელშემწყობი მიზეზი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, არანაირად არ ვურჩევ, არც ზრდასრულს და მით უმეტეს, მოზარდებს, ამგვარი პროდუქტების გამოყენებას", - ამბობს პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თამარ ობგაიძე.
mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა