თეგებით ძიება

გენიტალური ენდომეტრიოზი - უნაყოფობის ხშირი მიზეზი

გენიტალური ენდომეტრიოზი - 21-ე საუკუნის გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად მიიჩნევა და მის გარშემო უამრავი მაღალი ხარისხის ინტენსიური კვლევა ტარდება.

რა არის ენდომეტრიოზი, როგორ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობა? TIA.GE ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის წამყვან რეპროდუქტოლოგს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ლელა ირემაძეს ესაუბრა.

- დაავადება, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, მეტად თავისებური და საინტერესოა - საშვილოსნოს შიდა გარსის - ენდომეტრიუმის უჯრედები რატომღაც მისთვის უჩვეულო ადგილას, საშვილოსნოს ღრუს გარეთ, სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში ხვდებიან და მენსტურაციული ციკლის დადგომასთან ერთად ისინიც აქტიურდებიან.

ენდომეტრიოზი ჰორმონდამოკიდებული ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს - სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) 60-70%-ში სწორედ ენდომეტრიოზთან გვაქვს საქმე, რაც ლაპაროსკოპიულად მიღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევით დასტურდება.

დაზიანების ხარისხი

- ენდომეტრიული ჰეტეროტოპიების (საშვილოსნოს გარეთ ჩანერგილი ენდომეტრიუმის) რაოდენობის, დაზიანების სიღრმისა და მცირე მენჯის ღრუში არსებული შეხორცებების რაოდენობის მიხედვით, განასხვავებენ მინიმალური, მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზს. დაავადების ხარისხის დადგენა მხოლოდ ლაპაროსკოპიული ჩარევით არის შესაძლებელი და ევროპისა და ამერიკის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების (ASRM, ESHRE) მიერ მოწოდებულ კლასიფიკაციას ეფუძნება. ენდომეტრიოზის ხარისხის დადგენა მეტად ნიშვნელოვანია, რადგან ამის მიხედვით ისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა.

- როდის ვიეჭვოთ ენდომეტრიოზზე?

ენდომეტრიოზის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია მტკივნეული მენსტრუაცია. თუმცა, ტკივილის ხარისხი არ მიუთითებს ენდომეტრიოზის ხარისხზე - მსუბუქი/საშუალო ხარისხის მტკივნეული მენსტრუაციის უკან შესაძლოა იყოს მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზი და პირიქით. ენდომეტრიოზის დროს ტკივილი დამახასიათებელია ასევე სქესობრივი კავშირის, შარდვის, დეფეკაციის დროს. შესაძლებელია მცირე მენჯის ქრონიკული ტკივილიც.

რაც შეეხება უნაყოფობას, ერთი ციკლის დროს დაორსულების სიხშირე ენდომეტრიოზის მქონე ქალს ჯანმრთელთან შედარებით ნახევარჯერ ნაკლები აქვს.

- კონკრეტულად რა განაპირობებს უნაყოფობას ენდომეტრიოზის დროს?

- მინიმალური და მსუბუქი ენდომეტრიოზის დროს უნაყოფობის მთავარ მიზეზად მოიაზრება კვერცხუჯრედის ხარისხისა და ენდომეტრიუმის რეცეპტიულობის (მიმღებლობის) დაქვეითება. ეს ეხება როგორც ინ ვიტრო, ასევე ბუნებრივ ციკლებს. ამიტომ ენდომეტრიოზი წარუმატებელი ემბრიო-იმპლანტაციის მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება. საშუალო და მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზის შემთხვევაში კი უნაყოფობის ძირითადი მიზეზი მცირემენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესით გამოწვეული მილისმიერი ფაქტორია.

ინ ვიტრო

სარწმუნო კვლევებით დასტურდება ენდომეტრიოზის უარყოფითი გავლენა ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალზე. გენიტალური ენდომეტრიოზის მქონე ქალებს აქვთ დაბალი ოვარიული (კვერცხუჯრედის) რეზერვი, დაბალი ხარისხის კვერცხუჯრედები და ემბრიონები, "ღარიბი" ენდომეტრიუმი, რაც ინ ვიტრო განაყოფიერების წარუმატებლობას განაპირობებს. შედეგის გასაზრდელად მიმართავენ საკვერცხეების სპეციფიკური სტიმულაციის სქემებს, თუმცა მათი გამოყენების საკითხი ინდივიდუალურია და პაციენტის ოვარიული რეზერვით განისაზღვრება.

- როგორ უნდა დაისვას ენდომეტრიოზის დიაგნოზი?

- დაავადების წინასწარი დიაგნოზი კლინიკური სიმპტომატიკისა და გამოსახულებითი ტექნოლოგიების საფუძველზე ისმება. ამ უკანასნელთა შორის მნიშვნელოვანია ულტრასონოგრაფია (უპირატესად საკვერცხისმიერი ენდომეტრიოზის დროს) და მაგნიტურ რეზონანსული კვლევა (ძირითადად ღრმა ენდომეტრიოზის შემთხვევაში).
დაავადების საბოლოო დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს დიაგნოსტიკურ-სამკურნალო ლაპაროსკოპია, რომელიც იძლევა ექტოპიური ენდომეტრიული ჰეტეროტოპიების პირდაპირი ვიზუალიზაციისა და მასალისაღების საშუალებას, რომელსაც შემდგომში ჰისტომორფოლოგიურად ვიკვლევთ.

მკურნალობა

- დაავადების სიმძიმის, მისი ხარისხის, პაციენტის რეპროდუქციული ფუნქციისა და რეპროდუქციული პროგნოზის მიხედვით პაციენტს შეიძლება ვუმკუნრალოთ მედიკამენტურად, ქირურგიულად ან კომბინირებული მეთოდით.
მედიკამენტური მკურნალობა რეკომენდებულია ენდომეტრიოზით განპირობებული ტკივილის დროს. მისი მიზანია საკვერცხეებში სასქესო ჰორმონების სინთეზის დათრგუნვა. ეს იწვევს საშვილოსნოს ღრუს გარეთ არსებული ენდომეტრიული კერების ატროფიას და ტკივილის მოხსნას. წარუმატებელი მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში, ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა ლაპაროსკოპიული გზით.

უნაყოფობის შემთხვევაში მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ოპერაციული ლაპაროსკოპია, რომლის დროსაც ვახდენთ ენდომეტრიული ჰეტეროტოპიების მოკვეთას (ექსციზიო) ან დესტრუქციას (აბლაცია). მეთოდის წარმატებას მრავალი მაღალი ხარისხის კვლევა ადასტურებს.

ამჟამინდელი რეკომენდაციების თანახმად, საკვერცხეების ღრმა ენდომეტრიოზის დროს 3-4 სმ-ზე მეტი ზომის კისტა ოპერაციული ჩარევის ჩვენებას წარმოადგენს. დღეისათვის ევროპისა თუ ამერიკის კომპეტენტურ ასოციაციებში, დისკუსიის ან განხილვის თემაა - ამოიკვეთოს თუ არა უნაყოფო ქალში საკვერცხეების ენდომეტრიული (მონო, ბილატერალური) კისტები.

საწყის ეტაპზე- რეკომენდირებულია, განისაზღვროს ქალის ასაკი, უნაყოფობის ხანგრძლივობა, ოვარიული რეზერვი და აღნიშნულის საფუძველზე გადაწყდეს უნაყოფობის მკურნალობის საკითხი-ლაპაროსკოპია თუ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, კერძოდ ინ ვიტრო განაყოფიერება.

რაც შეეხება კომბინირებულ თერაპიას, ეფექტურია ქირურგიულ ოპერაციამდე ან მის შემდეგ. განსაკუთრებით მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზის, ენდომეტრიოზთან დაკავშირებული მცირე მენჯის ღრუს ტკივილის დროს.

პროგნოზი

- რამდენად ეფექტურია ენდომეტრიოზის მკურნალობა უნაყოფობის შემთხვევაში?


- პროგნოზი ძირითადად კეთილსაიმედოა. წარმატებული რეპროდუქციული გამოსავალი როგორც ბუნებრივ, ასევე ინ ვიტრო ციკლებში პირდაპირპორპორციულადაა დამოკიდებული ენდომეტრიოზის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მის ეთიო-პათოგენეზურ მკურნალობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა