მჯდომარე სამუშაო და პრობლემები
მჯდომარე სამუშაო მაქვს, მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ, თითქმის არ ვმოძრაობ. სამუშაო დღის ბოლოს ფეხები დამძიმებული, ზოგჯერ კი შეშუპებულიც მაქვს. კაპილარულ სისხლჩაქცევებსაც ვამჩნევ. რამდენიმე ადგილას ვენებიც მგრძნობიარე გამიხდა. დედაჩემს ვარიკოზი აქვს. მეც ხომ არ მემუქრება ეს დაავადება? არის თუ არა ის მემკვიდრეობითი და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?
სისხლძარღვების მეშვეობით სისხლი სხეულის ყველა უბანს მიეწოდება. განსაკუთრებით დაძაბულად მუშაობენ ფეხის ვენები, რომლებშიც ყველაზე ხშირად ირღვევა სისხლს მიმოქცევა და ფერხდება დენა, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ნორმალური და სწორი სისხლის მიმოქცევისას ვენები ისე
მუშაობენ, როგორც ერთი მიმართულებით მოძრავი ესკალატორი. სისხლძარღვებში არსებული სარქვლები გამომუშავებულ სისხლს არ აძლევენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის საშუალებას. ვენების გაფართოების შემთხვევაში სარქვლები არც ისე საიმედოდ უღობავენ გზას საწინააღმდეგო ნაკადს. შესუსტებულ უბნებში სისხლი გუბდება და წარმოქმნის კვანძებს. ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ საკმაოდ დიდხანს თავს გრძნობთ აბსოლუტურად ჯანმრთელად, დაავადება შეუმჩნევლად გეპარებათ, თრომბი კი შესაძლოა ნებისმიერი ანთების დროს მოწყდეს და საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას.
ფეხი ფეხზე
ვარიკოზული დაავადებები ერთნაირად ემუქრება მამაკაცებსა და ქალებს, მაგრამ ვინაიდან ქალის სისხლძარღვებს უფრო სუსტი შემაერთებელქსოვილოვანი კარკასი აქვთ, ეს სნეულება მათ უფრო ხშირად ემართებათ. ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და მოძრაობის შეზღუდვა ხელს უწყობს ვარიკოზის განვითარებას. პირველი “მოლურჯო ვარსკვლავები” თავს იჩენს მშობიარობის შემდეგ, თანდათან “გველებად” იქცევა და ფეხებს შემოეხვევა. ვენებში სისხლი იწყებს შეფერხებას, შეგუბებას. ვენები განსაკუთრებით იჭიმება მაშინ, როცა ფეხიფეხგადადებული ზიხართ, ასე რომ, დიდხანს ასეთ პოზაში ნუ დარჩებით.
ცივი შხაპი
ვარიკოზი უბრალო კოსმეტიკური დეფექტი არ არის, ეს დაავადებაა, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოსა და სისტემას. უბრალოდ, ფეხებზე ის უფრო შესამჩნევია. მემკვიდრეობა ვარიკოზის ერთ-ერთი მიზეზია. თუ თქვენს მშობლებს სუსტი ვენები აქვთ, თქვენ რისკის ჯგუფში ხართ. გენეტიკა რთული მეცნიერებაა, მაგრამ გენეტიკური განწყობის შემთხვევაშიც კი თავის დაზღვევა შესაძლებელია. დაიწყეთ დატვირთვების კონტროლი და გადადით დაბალ ქუსლებზე. ხანგრძლივი ფრენისას ან მატარებლით მგზავრობისას ხშირად წამოდექით, გაიარ-გამოიარეთ სალონში. თუ დიდხანს დგახართ, აიწიეთ ფეხის წვერებზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტი წონა ფეხებისთვის ტვირთად არ იქცეს. დაივიწყეთ ლიფტი, ისარგებლეთ კიბით. თავი არიდეთ გადახურებას: ცხელ აბაზანას, გარუჯვას და საუნას - ისინი მავნებელია თქვენი ვენებისთვის. გადაივლეთ ფეხებზე ცივი შხაპი. მიმართეთ წყლის ნაკადი ტერფებიდან ზემოთ, წოლისას ფეხები ოდნავ შემაღლებულზე დააწყვეთ. იარეთ ცურვაზე, სასარგებლოა სპორტი და ველოსიპედით სიარული.
ფლებოლოგთან
ვარიკოზის აღმოფხვრა შეუძლია ექიმს, რომელიც სპეციალიზებულია ვენების მკურნალობაში - ფლებოლოგს (სისხლძარღვთა ქირურგს). მიმართეთ მას, თუ შეამჩნევთ ფეხების სიმძიმეს და შეშუპებას, დაღლილობას (განსაკუთრებით საღამოობით), ტკივილს და კრუნჩხვით შეგრძნებებს. კანზე ბადეებისა და მოწითალო-მოლურჯო ლაქების გაჩენა საკმაო საბაბია ექიმთან ვიზიტისთვის. დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა, დაავადება ადრევე გამოვლინდეს. იმის მიხედვით, რომელ სტადიაზეა ვარიკოზი, ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის ოპტიმალურ ვარიანტს. არსებობს თერაპიული მეთოდი: ვენაში შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლძარღვთა კედლების შეწებებას. ამ დროს თვით ვენის ამოღება არ ხდება, მაგრამ სისხლის ნაკადის გავლა ამ უბანში წყდება. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი საკმაოდ მარტივია, შეზღუდვები მაინც არსებობს. თუ გაფართოებული ვენების ქირურგიული ამოკვეთა გახდა საჭირო, ეს კეთდება კანზე გაკეთებული მცირე ზომის განაკვეთიდან, თუმცა ამ მეთოდს აქვს თავისი დამატებითი და უარყოფითი მხარეები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ოპერაციას. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ დაავადების მიზეზს ის ვერ სპობს. როგორც ვენების “შეწებების” მეთოდს, ისე ქირურგიულ მკურნალობას ვენური სისხლის ნაკადის დატვირთვა ზედაპირულიდან უფრო ღრმა ვენებისკენ გადააქვს. ოპერაციის შემდეგ, ასევე უბრალოდ პროფილაქტიკისთვის სასურველია ატაროთ სპეციალური კომპრესიული თეთრეული (გოლფები, წინდები, კოლგოტები). ექიმი ფლებოლოგი შეგირჩევთ თქვენთვის შესატყვისი კომპრესიის კლასს.
mkurnali.ge