თეგებით ძიება

სასტიკი მკვლელობა კასპში - მოკლულის მეუღლეს პროკურატურამ ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა

კასპში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლს ქეთი ჩხაიძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სასჯელი 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 მარტს, ზ.კ.-მ კასპში ქ.ჩ.-ს მეუღლე ნ.ღ. მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით ,,ქეჩერუხის" დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა. სადაც ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.ღ. გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზ.კ. ქ.ჩ.-სთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ჩ.-მ შეიტყო ზ.კ. -ს მიერ მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ამასთან, ქ.ჩ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა.

სამართალდამცველებმა ქ.ჩ. 28 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა