თეგებით ძიება

"სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ამ საქმეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - ევროპარლამენტარები

"სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ამ საქმეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს", - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ევროპარლამენტარები ავრცელებენ.

როგორც 5 ევროპარლამენტარის წერილშია აღნიშნული, ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას პოლიტიკური დევნის შესახებ.

"საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება, დაეცვა ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია და საქართველოს ევროპელი პარტნიორები ელიან მთავრობისა და მმართველი პარტიისგან ამ პრინციპებისა და სტანდარტების სრულად განხორციელებასა და დაცვას.

ახალგაზრდა, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც პოსტ-ტოტალიტარულ, პოსტსაბჭოთა ჩვევებს (მაგალითად იანუკოვიჩისდროინდელ უკრაინაში) ჯერ კიდევ ებრძვიან, ჩანს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის დაკავება და პატიმრობა დაუყოვნებლივ უგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალს მსოფლიოს, რომ მოცემულ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შეიძლება გაუარესდეს.

ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას პოლიტიკური დევნის შესახებ. პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან, რაც სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში და ძირს უთხრის საქართველოს ხალხის ევროპულ არჩევანს.

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მთავრობასა და მმართველ პარტიას, „ქართულ
ოცნებას“ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სიტუაციასა და მისი გადაწყვეტის საქმეში. ისინი არჩევანის წინაშე დგანან - გააგრძელონ უარყოფითი შედეგების გამოწვევა, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, სანამ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ან ყურადღება გაამახვილონ კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე, რაც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის გზა, ევროპული მართლმსაჯულებით გადავწყვიტოთ საქართველოს მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი საქმე და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, - ნათქვამია წერილში.

განცხადებას ხელს აწერენ: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე.

mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა