სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის მამაკაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარის განმარტებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავებულის მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. შესაბამისად, ბრალდების მხარის არგუმენტი საფრთხებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სანადირო თოფით 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილი მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მოკლულის თანასოფლელი გიორგი მღებრიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.