სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - დაჭრილია 3 ადამიანი
თბილისში, დიდუბეში გვიან ღამით სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად, სამ ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს თბილისში, მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.ბ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით", - აცხადებენ უწყებაში.