თეგებით ძიება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განხორციელებული რეფორმის შედეგად და საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის ბრძანებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო 2012 წლიდან ფუნქციონირებდა. სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ასევე საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად აღსრულების, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ჯეროვნად შესრულების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურორთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაწყდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს გაძლიერება და დეპარტამენტად გარდაქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთან, მოხდება მათი რეკომენდაციების შესწავლა და სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს პროკურატურაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორიენტირებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა და განხორციელება, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ეფექტიანი აღსრულება;

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს პროკურატურის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და მიუკერძოებელი უწყების რეფორმირების პროცესში“, - აცხადებენ პროკურატურაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა