საქართველოში საწვავი გაიაფდა
დღეს, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე მისულ მძღოლებს, საწვავის ფასი დღეს 10 თეთრით გაიაფებული დახვდათ. ამის მიუხედავად, ავტომანქანის მფლობელები უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი ძალიან მაღალია. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ეროვნული ვალუტის სტაბილურობისა და ნავთობზე ფასების კლების ფონზე, საქართველოში საწვავზე შენარჩუნებული მაღალი ფასი განხილვის თემა იყო მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს ამ საკითხზე მოკვლევის ჩატარება დაავალა. სააგენტო უკვე 7 თვის განმავლობაში მონიტორინგს აწარმოებს. გაიმართა შეხვედრები ნავთობის იმპორტიორებთან.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმპორტიორებს ქონდათ შესაძლებლობა, საწვავი უფრო იაფად გაეყიდათ. რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებენ ისინი - ამ საკითხზე პასუხს მოკვლევა გასცემს.
შენარჩუნდება თუ არა ნავთობპროდუქტებზე ფასების კლების ტენდენცია? მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები აცხადებენ, რომ არსებობს რესურსი აგვისტოს ბოლომდე ბენზინი 20-30 თეთრით გაიაფდეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით მოსახლეობის მოლოდინები, კითხვები და პრეტენზიები ლოგიკურია. ვალუტის გამყარება, ნავთობის ღირებულების შემცირება, იაფი იმპორტი, ეკონომისტების განმარტებით ის ფაქტორებია, რასაც საწვავის ფასების კორექტირება უნდა გამოეწვია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ახლა კონკრეტული რეკომენდაციების დროა, რაც საწვავის ფასთან დაკავშირებით თვლად პარამეტრებთან მიგვიყვანს.
ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულება, ხარისხობრივი კატეგორიების მიხედვით, 3,50 ლარიდან 4,50 ლარამდე მერყეობს.