ვემზადებით ერთიან ევრო გადახდის სივრცესთან შესაერთებლად - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება, რას სასიამოვნო სიახლეა მოსახლეობისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველა სამთავრობო უწყება მუშაობს, მთავრობის სხდომის შემდეგ კი, პარლამენტს სამი კანონპროექტი გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
„კიდევ ერთი პოზიტიური ინფორმაცია მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. გეტყვით, რომ ვემზადებით შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდის სივრცეს, ასეთი სახელწოდებისაა ეს ორგანიზაცია, SEPA – Single Euro Payment Area. ეს არის ევროკავშირისა და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურებისა და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკი ჩართულია, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყება და, საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ბატონი ლევან დავითაშვილი მოგახსენებთ მთავრობის სხდომის შემდეგ. ზოგადად, მე ვიტყოდი, რომ ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.