გემის შემოსვლის მიზანი იყო წყლითა და საკვებით მომარაგება, უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები - ეკონომიკის სამინისტრო "ატაკამაზე"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თქმით, ბათუმის ნავსადგომში ხომალდი "ატაკამა" არ შესულა. როგორც გურამიშვილი ამბობს, ის მხოლოდ პორტის სიახლოვეს, წყლისა და საკვების მომარაგების მიზნით იმყოფებოდა.
"შემოწმებული იქნა სენკისტისა და ნევეისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ატაკამა, რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საკრუიზო რაიონში და არა ნავის სადგომზე პორტში, როგორც გასული იყო სიუჟეტში. აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო, სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს საკრუიზო წერტილში მცურავი გამოყენებით. რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები.
გემი ატაკამა, ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა სიაში მიმდინარე მონაცემებით და ამ წუთისთვის, გემი მოხსნილია საკრუიზო წერტილიდან და დატოვებული აქვს საქართველოს საკრუიზო წყლები", - ამბობს გურამიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სავარაუდოდ, რუსული სანქცირებული ტვირთი შემოვიდა. ბათუმის აკვატორიაში რეიდზე ხომალდი "ატაკამა" 2 დღეა დგას. "მთავარის" ინფორმაციით, გემი რუსეთის პორტ ტუაფსედან შემოვიდა. მედიის ცნობით, ტვირთის წარმომავლობა გასაიდუმლოებულია, ხომალდს გათიშული აქვს საიდენტიფიკაციო სისტემა, რის გამოც დეტალების დაზუსტება ვერ ხერხდება.