თეგებით ძიება
21. 09. 2022 News-ები

ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც tia.ge უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა