აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით, რუმინეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო - რა სარგებელი რჩება საქართველოს?
აზერბაიჯანმა რუმინეთისთვის საქართველოს გავლით გაზის მიწოდება დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით bm.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, SOCAR-სა და რუმინულ Romgas S.A-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, იმპორტი 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება და ჯამში 300 მლნ კუბ. მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდება.
აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება სამხრეთის გაზის დერეფნისა და საბერძნეთი - ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) მოხდება.
აღსანიშნია, რომ რუმინეთი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული გარე წყაროებზე. ქვეყანა გაზს მოიპოვებს შავი ზღვის შელფიდან და ექსპორტსაც ახორციელებს უნგრეთსა და მოლდოვაში. თუმცა, ამის მიუხედავად, რუმინეთს გაზის იმპორტი მაინც სჭირდება.
სამხრეთის გაზის დერეფნის დატვირთვით სარგებელი აქვს საქართველოსაც, რომელიც გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ოფციურ გაზს იღებს. 2023 წლის პროგნოზით, წელს ოფციური/დამატებითი გაზის მოცულობა 1.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.