აშშ-ში ავტომობილები მკვეთრად გაიაფდა - რა მარკის მანქანებზე დაეცა ფასი?
აშშ-ში ავტომობილების ფასები რეკორდულად შემცირდა. როგორც ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი ავტომობილების ფასები საშუალოდ 14.9%-ით შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
ვარდნის ყველაზე მკვეთრი ტენდენცია SUV-ის კლასის ავტომობილებთან მიმართებით ფიქსირდება, მათი ფასები წლიურად 16.6%-ით შემცირდა; სედანები საშუალოდ 15.8%-ითაა გაიაფებული; პრემიუმ-კლასის ავტომობილების ღირებულება კი საშუალოდ 15.2%-ითაა შემცირებული.
Manheim-ის ინდექსი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყნდება და ის აშშ-ის ბაზარზე არსებული ტენდენციების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ინდიკატორია.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დადგომასთან ერთად, მსოფლიო არაერთი უცნაური ტენდენციის წინაშე აღმოჩნდა და, მათ შორის, გამონაკლის არც ავტომობილების ბაზარი ყოფილა. ზოგადად, ავტომობილები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაუფასურებად ფიზიკურ აქტივებად ითვლება, თუმცა პანდემიამ ეს ეკონომიკური კანონზომიერებაც თავდაყირა დააყენა. უმოკლეს პერიოდში ახალი და მეორადი ავტომობილების ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა, რაც ლოკდაუნების გამო ქარხნების დახურვითა და საწარმოო პროცესების შეფერხებით იყო განპირობებული.