თეგებით ძიება

ახალი ცვლილებები 2023 წელს, რომლის ცოდნაც სავალდებულოა

2023 წლიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით გაიცემა

2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

1-ლი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები იცვლება.

1-ლი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი და პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება, ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აღარ დაამძიმებს.

2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება

2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება. მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება. მთავრობის განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. წესი შეეხება ყველა დაწესებულებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. გადაწყვეტილება უკვე იანვრიდან შევა ძალაში.

იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება

იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება. აღნიშნულს გულისხმობს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. როგორც მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია აღნიშნულია, პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების - 100 ლარით ზრდა.

საჯარო მოხელეები იანვრიდან 10%-ით გაზრდილ ხელფასებს აიღებენ

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს. მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.

2023 წლიდან პენსია იზრდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.

2023 წლიდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება

2023 წლიდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება. 2023 წლის მაისიდან ETIAS-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება. ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას. თუმცა, დადგენილია მისი მიღების პროცედურა და ღირებულება, ისევე როგორც აშშ-ის ESTAS სქემაში. 18-დან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის ღირებულება 7 ევრო იქნება. მოგზაურები ევროკავშირიდან თავისუფლდებიან გადასახადებისგან და აქვთ გადაადგილების თავისუფლება ბლოკში. ვინც ბლოკში შედის ქვეყნიდან, რომელსაც ადრე არ სჭირდებოდა ვიზა, ETIAS სავალდებულო იქნება. მათ შორისაა საქართველო.

ცივი იარაღის ტარებაზე დღეიდან სანქციები მკაცრდება

დღეიდან, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით, ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.

იანვრიდან ავტომობილებს ხმაურზეც შეამოწმებენ

კერძოდ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება. ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.

შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

2023 წლის 1-ლი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება. საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას. ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.

მთავრობა კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტის ანაზღაურებას აორმაგებს

1-ლი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

რა ვალდებულებები უჩნდებათ საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრეებს

2023 წლის 1-ლი იანვრიდან კრიპტოვალუტების რეგულირება დაიწყება. რეგულაცია შეეხება იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც სერვისებს მესამე პირის სასარგებლოდ ახორციელებენ. კანონი არ ვრცელდება მაინინგით დაკავებულ პირებზე და პირად გადარიცხვებზე, თუ ის მესამე პირების სასარგებლოდ არ ხორციელდება. კანონი ძალაში შედის 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა მას აქვს გარდამავალი დებულებები, ამოქმედების კუთხით. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნულ ბანკს უკვე ექნება უფლებამოსილება, რომ აღნიშნული სექტორის ზედამხედველობა დაიწყოს. ზედამხედველობა და რეგულირება მოიცავს პირველ რიგში იმას, რომ ეროვნულ ბანკს ექნება ვალდებულება, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე ვირტუალური აქტივის სერვისების პროვაიდერების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი დაადგინოს. ბაზრის მოთამაშეებს 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში ეტაპობრივად მოვიდნენ.

1-ლი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება

2023 წლის 1-ლი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება. ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ.

2023 წლიდან, გარკვეულ წამლებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

2023 წლიდან სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველი იანვრიდან ცვლილება 1 100-ზე მეტ, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. ფასების რეგულირება 2 დონეზე მოხდება. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ჭერი. ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება. საცალო ქსელს, წამლის ღირებულების შესაბამისად, გარკვეული პროცენტული ფასნამატის გაკეთება შეეძლება. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ.

2023 წლის ივნისიდან სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელი ივნისამდე დანერგოს. ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი; საკონსერვო წარმოება; სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია; უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება; შაქრის, მარილის წარმოება; გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.

წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა