თეგებით ძიება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეში, ფაქტობრივად სრულად აღმოფხვრილია თამბაქოს კლასიკური ნაწარმის, სიგარეტის მოწევა, – ამის შესახებ ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.

ალიანსის ცნობით, დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მოწევის რეგულაციის დარღვევა ფიქსირდება ე.წ. თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის უკანონოდ გამოყენების შემთხვევების სახით, რაც მასობრივი ხასიათის არაა, თუმცა, შესამჩნევია.

„ვფიქრობთ, ამ ტიპის დარღვევებს საზოგადოებაში არასაკმარისი ინფორმაცია განაპირობებს. ხალხს სისტემატურად არ მიეწოდება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის კანონის, მოწევის აკრძალვის რეგულაციების შესახებ. ვიმედოვნებთ, 2023 წელში, წინა წლისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს და მძლავრი საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია ამოქმედდება. საკომუნიკაციო პროგრამის საშუალებით ინფორმირებული საზოგადოება თამბაქოს კონტროლის კანონსაც უკეთ აღასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე სახელმწიფო პასიურობს და მოსახლეობას ინფორმაციას არ აწვდის, აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს, მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ნაკლებად მავლებელია როგორც მწეველისთვის, ისე ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ე.წ. თამბაქოს ახალი პროდუქტები არანაკლები ზიანის მომტანია როგორც უშუალოდ მომხმარებლისათვის, ასევე მის გარშემო მყოფთათვის. ამასთან, ზოგიერთი ორგანიზაცია და დაწესებულება, განსაკუთრებით კაფე-ბარები და რესტორნები მომხმარებელს უცხადებენ, რომ მათთან ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ნებადართულია. გთხოვთ, არ დაუშვათ შეცდომა, საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეში იკრძალება თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა და რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმდება როგორც ფიზიკური პირი, ისე ორგანიზაცია, რომელმაც არ სცადა მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევის აღკვეთა, ან სცადა და მწეველის დაუმორჩილებლობის შემდეგ არ გამოიძახა სამართალდამცველები.

დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის რეგულაციის დამრღვევი ჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 200 და მესამე და ყოველ ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 300-300ლარით. ორგანიზაცია, რომელიც თამბაქოს ნებისმიერი სახის ნაწარმის მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევას არ აღკვეთავს, ჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარით და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 2 000-2 000 ლარით. იგივე რეგულაცია ვრცელდება ჩილიმის მოწევაზეც“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

მათივე განცხადებით, დასანანია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დეკემბრის თვეშიც დაფიქსირდა მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევა.

„ამჯერად, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ სატელევიზიო სიუჟეტით გავრცელებულ კადრებში ფიქსირდებოდა მოწევის ფაქტი, რაზეც საპატრულო ეკიპაჟი გამოვიძახეთ და მიმდინარეობს მოკვლევა“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა