წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა - რას ამბობს კობა გვენეტაძე?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და დეკემბერში 9.8% შეადგინა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკფაქტორების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი, მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
„საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკფაქტორები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.
არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და, მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.