ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო - რა მიესაჯათ მსჯავრდებულებს?
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.
აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს.