მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის დაკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვის თაობაზე.
„საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ესენია „ემპათიის“ დასკვნაზე და სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩატარებული ბრიფინგი. განაცხადა, რომ სააკაშვილი განზრახ ეწევა თვითდაზიანებებს და ექიმებს არ ემორჩილება.
ბრეგაძის განცხადებები ლეტალური შედეგისკენაა მიმართული. მოწვეული უნდა იყოს და მისცეს ჩვენება, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილი ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.