თეგებით ძიება

სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, პროფესორი ლია სვანიძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლია სვანიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

"პროფესორმა ლია სვანიძემ 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სრული კურსი, სადაც მისი პედაგოგები ქართული ფსიქოლოგიური სკოლის კორიფეები გახლდნენ. 1983 წელს მას ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. არა ერთი ათეული წელიწადის მანძილზე მას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეჭირა ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. 

1998 წელს კი პროფესორი ლია სვანიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოუერთდა და ჩვენთან ერთად მუხლჩაუხრელად მეოთხედი საუკუნე იშრომა, სადაც ფსიქოლოგთა არა ერთი თაობა აღზარდა, რომელთაც, პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად, სამშობლოსა და ეროვნული ტრადიციების სიყვარულს, წინაპართა პატივისცემას უნერგავდა.

ღვაწლმოსილმა მეცნიერმა და პედაგოგმა სამშობლოსა და შთამომავლობას მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა დაუტოვა, რომელიც, გამომდინარე მათი სამეცნიერო აქტუალობიდან, მუდამ დარჩება სპეციალისტთა სამაგიდო, ხოლო სტუდენტთათვის სახელმძღვანელო ლიტერატურად.

მუდამ თავაზიანი, თავმდაბალი, გულისხმიერი, პოზიტიური, მომღიმარი, დადებითი ემოციების გამზიარებელი, კოლეგისა თუ სტუდენტისადმი დახმარების ხელის უშურველად გამომწოდებელი – აი, ასეთი დარჩება თანამშრომლებისა და მოსწავლეების მეხსიერებაში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, გულითადად თანავუგრძნობ პროფესორ ლია სვანიძის გარდაცვალებას მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებსა და სტუდენტებს. 

უფალმა მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს ქალბატონ ლიას ნათელ სულ!", - ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა