თეგებით ძიება

"ეს უნდოდა ამ პატარა ბიჭს ..." - რას წერს გიორგი კეკელიძე მოსწავლეზე, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსული დროშა ჩამოხია?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ბათუმელ მოსწავლეზე წერს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია.

კეკელიძის განმარტებით, მოზარდს მის მიერ განხორციელებული ქმედების გამო, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

"დღეს ერთი ბათუმელი ბიჭი, ლუკა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიით დავაჯილდოეთ. მან ამასწინ საკუთარი სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა. ბევრმა სააგენტომ გაავრცელა ეს ამბავი, უამრავი მილოცვაც თან დაერთო, მაგრამ სამწუხაროდ და მიუხედავად ჩემი არცთუ მცირე გამოცდილებისა -  მაინც გასაკვირად; ცოტა როდი იყო ის ხალხი, ვინც წერდა: ,,ჩვენი დიდი მეზობელი ქვეყნის სიწმნიდის, დროშის ჩამომხსნელის თქვენგან წახალისებას არ ველოდი" ანაც ,,სიფრთხილეა საჭირო,  შეიძლება ხვალ ამ დროშის აღმართვა მოგვიწიოს".  დედას გეფიცებით, კრემლის უკანა ოთახის იატაკის ტარაკანა ტროლ-ბოტი არა, შეძლებისდაგვარად ზრდილობიანი ხალხი წერდა, ნაწერს ,,პატივისცემით" დაურთავდნენ და ამან უფრო შემაშინა. ამ ადამიანების ნაწილს შეიძლება შევხვედრივარ და ზოგს მომავალში შევხვდები - არც მტერი ქვეყნის აგენტები მგონია მათგან უმრავლესი და მეტიც, ვფიქრობ, რომ მათაც უყვართ სამშობლო. უბრალოდ სიყვარული სხვასხვაგვარია, როგორც დადასტურდა. სამშობლო ჩემთვის რაღაცნაირად მაინც საყვარელ გრიგოლ ორბელიანსაც უყვარდა, მაგრამ ასე გვიანდერძა: ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებასო", ამიტომაც ებრძოდნენ თერგდალეულები, თორემ სადღეგრძელო დიდწილად არ დაეწუნებოდა. დღეს გურიის ორი სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ და ბავშვებს ილიაზე ველაპარაკე, ვაჟაზე ველაპარაკე, გურამიშვილზე და გრიგოლ ხანძთელზე. ჰოდა, მოვდიოდი უკან, თბილისისკენ და ვფიქრობდი, საიდან ან როდის განმტკიცდა ჩვენს სხეულებში ეს უცნაურად მორჩილი სული, ნუთუ ამაოდ ჩაიარა ილიას და ვაჟას მიერ ჩატარებულმა დიდმა და დიდებულმა ეგზორციზმმა, ნუთუ ტყუილად დავატარებ  ამ წიგნებს მთასა და ბარში,  ნუთუ ისე ძალუმი იყო საბჭოთა ლეთე - დავიწყების მდინარე, წითელი ჯავახიშვილის, ტიციანი, პაოლოს და ახმეტელის სისხლისგან,  რომ მოურჩენლად წაგვილეკა მეხსიერება. ეს პატარა ბიჭი, ტოლსტოის და დოსტოევსკის წიგნების დაწვას ხომ არ ითხოვდა ან ომის დაწყებას, უბრალოდ არ უნდოდა საკუთარი სკოლის კედელზე იმ ქვეყნის დროშას მოეწონებინა თავი, რომელმაც ათიათასობით ქართველი მოგვიკლა, ასიათასობით დევნილად აქცია, ტაძრები გადაგვიღება, პატრიარქები დაგვიხოცა, ენას გვართმევდა, ტერიტორიები მოგვტაცა და ახლაც გვტაცებს. ეს უნდოდა ამ პატარა ბიჭს და მე კიდევ ამ საქციელის დაფასება. ხან ყველაფერი მარტივია, მაგრამ ეს სიმარტივეა ხოლმე დაუძლევლად რთული", - წერს კეკელიძე.

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში დერეფანში სტენდზე გაკრული რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშა ამავე სკოლის მოსწავლემ, ლუკა ნაცვლიშვილმა ჩამოხსნა. ფაქტის შემდეგ ის იძულებული გახდა სკოლა დაეტოვებინა. გიორგი მოსწავლეს კეკელიძემ ანწუხელიძის სახელობის  სტიპენდია დაუნიშნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა