"კლინიკაში, ჩემი არასრულწლოვანი შვილი 4 ხანდაზმულ პაციენტთან ერთად მოათავსეს... გამუდმებით ისმის მათი კვნესა, ბავშვი მეხვეწება, "აქედან წამიყვანე, აქ არ დამტოვოო" - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, ლელა ბაღდავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული, კლინიკების დაფინანსების ახალი - DRJ სისტემის "სიკეთეები" პაციენტზე მორგებული არ არის.
"მოკლედ, დღეს საკუთარ თავზე (ოჯახზე) გამოვცადე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული, კლინიკების დაფინანსების ახალი - DRJ სისტემის "სიკეთეები" და ის, თუ რამდენად არის ამ სისტემის ამოქმედების მიზეზი "პაციენტის ინტერესები"...
ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბოჭორიშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მოათავსეს 4 ხანდაზმულ (ჩემი პატივისცემა მოხუცებს ) მძიმე პაციენტთან - გამუდმებით ისმის მათი კვნესა, რასაც ემატება ვიზუალურად გამოხატული ჩირქოვანი დაავადებები (მძიმე სურათიდან გამომდინარე, ნანახს დეტალურად არ აღვწერ), ეს ყველაფერი კი ხდება 5-პაციენტიან პაწაწინა ოთახში და ხდება უკვე რამდენიმე საათია...
სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული DRJ სისტემის გამო, კლინიკამ უარი მითხრა ბავშვის ცალკე პალატაში გადაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი, ამაში დამატებითი საფასური გადამეხადა. ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს ლოგიკით, თუ კერძო პალატის დაქირავება შეგიძლია, რომელიც 200 ან 300 ლარი ღირს, შეგეძლება დაზღვევაზეც უარი თქვა და შენვე გადაიხადო ოპერაციის საფასური, რომელიც ჩვენ შემთხვევაში, 5 ათას ლარს მაინც შეადგენდა...
რამდენიმე საათია ბავშვი მეხვეწება, "აქედან წამიყვანე, აქ არ დამტოვოო" და ვერაფრით ვეხმარები, "პაციენტების ინტერესების" სახელით შემოღებული ახალი სისტემა კი სინამდვილეში არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა და მათი ფსიქოლოგიური ტანჯვა. დიახ, ეს არის ამ შემთხვევაში ჩემი შვილის ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელიც კლინიკაში ერთი პრობლემით შევიდა და იქიდან გამოსულს, ალბათ, ფსიქოლოგის დახმარება დაჭირდება...
ახია ჩემზე, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ვენდე...
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ ავად არ უნდა გახდე!", - წერს ბაღდავაძე.