თეგებით ძიება

ამბობენ, იმდენი მიცვალებულია, რომ ამოცნობის პროცედურაც გართულებულია... ყველა პროზექტურა სავსეა - რას ამბობს თურქეთში მცხოვრები ქართველი?

თურქეთში, გაზიანთეფში მცხოვრები ქართველის, დალი ჭედიშვილის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ ყველა პროზექტურა სავსეა.

„ძალიან რთული სანახავია. გაზიანთეფი ძალიან მოძრავი, ხმაურიანი, ინდუსტრიული ქალაქი იყო. ქუჩები დაცარიელებულია. ვისაც გასვლის საშუალება ჰქონდა, ქალაქი ყველამ დაცალა. უსაფრთხო ადგილებში წავიდნენ. უფრო ღია სივრცეებში არიან, კოცონი აქვთ დანთებული და ღია სივრცეში ათენებენ ღამეებს.

ორი დღის წინაც ძალიან ხშირად იყო ბიძგები. გუშინ შუადღის მერე იყო ბოლო ბიძგი და დღეს არ ყოფილა. ამიტომ გადავწყვიტეთ ბინაში დაბრუნება", - აცხადებს ჭედიშვილი.

როგორც მან აღნიშნა, ერთსართულიანი კაფე-ბარების მესაკუთრეებმა მის მეგობრებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ღამე იქ გაეთიათ.

მისივე თქმით, გართულებულია დაღუპულთა ამოცნობის პროცედურაც.

„ახლობლები ლაპარაკობდნენ, იმდენი მიცვალებულია, ყველა პროზექტურა სავსეაო. გადაჰყავთ საერთო სასაფლაოზე და იქ უნდა მიაბარონ მიწას. ამოცნობის პროცედურაც გართულებულია“,-განაცხადა ჭედიშვილმა "პალიტრას" ეთერში.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა