თეგებით ძიება
13. 02. 2023 ბიზნესი

"გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, კრისტალმა საფონდო ბირჟაზე 25 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ 25 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ღონისძიება, რომელიც ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით გაიმართა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ფინანსური ინტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონია პანელური დიკუსიით გაიხსნა, რომელსაც მოდერაციას „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე უწევდა. დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი მონაწილეობდნენ.

დისკუსია საქართველოში მეწარმე ქალების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს მიეძღვნა. არჩილ ბაკურაძემ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი ინიციატივები გააცნო, რომელსაც „კრისტალი“ ორგანიზაციის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ქალების მხარდასაჭერად ახორციელებს, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, განათლების, ცოდნის გაზიარების და მათი განვითარებისა და ეკონომირი გაძლიერების მიმართულებით.

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ გენდერული ობლიგაციების გამოშვების ხელშეკრულებას „კრისტალს“, აზიის განვითარების ბანკს, საქართველოს ბანკსა და Galt &Taggart-ს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი. ობლიგაციების ემისია „კრისტალმა“ Galt & Taggart-ის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკთან ერთად განახორციელა. აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი — 6.25 მილიონი ლარი.

ღონისძიების ბოლოს კი პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ის მეწარმე ქალები დააჯილდოვეს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობები კომპანიის ინიციატივებისა თუ სერვისების დახმარებით განავითარეს.

წლის მეწარმის პრიზი დარეჯან ბერძენიშვილს გადაეცა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლს“ მართავს და წლებია, აგროტურიზმითაა დაკავებული, ეკომეგობრული ბიზნესისთვის ჯილდო ველოსიპედების მაღაზია-სახელოსნოს, „ჰიპო ველოს“ დამფუძნებელმა, ვერიკო ბაზალმა მიიღო, ახალგაზრდა მეწარმე ქალის ნომინაციაში თხილის საწარმოსა და „თამარას მარწყვების“ დამფუძნებელი თამარ ძანძავა დაჯილდოვდა, საპატიო პრიზი მიიღო ალინა პასტუხმა, რომელიც პირველი მომხმარებელია, ვინც „კრისტალში“ სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილებისთვის შექმნილი პროდუქტით ისარგებლა.

საგულისხმოა, რომ „კრისტალმა“ გენდერული ობლიგაციები უკვე მეორედ გამოუშვა. კომპანია პირველი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც 2019 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალებისთვის განკუთვნილი 15 მილიონი ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები (Women Corporate Bonds) გამოუშვა. შედეგად, ათასობით ქალს ეკონომიკური განვითარებისა და კაპიტალზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა მიეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა